ავღანეთის პრეზიდენტმა კანონში ჩასწორება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბავშვის დაბადების მოწმობაზე დედის სახელიც უნდა იყოს მითითებული. ეს ყველაფერი ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტთა მიერ ჩატარებული სამწლიანი კამპანიის #სადარისჩემისახელი დამსახურებით მოხდა. #Femfact

#სადარისჩემისახელი (#WhereIsMyName) კამპანიის მონაწილეები ცდილობენ ქალები საზოგადოების დამოუკიდებელ და სრულფასოვან წევრებად ჩამოაყალიბონ; ებრძვიან ავღანეთში ჩანერგილ დამამცირებელ ტრადიციას, რომ ქალის სახელის გასაჯაროებას მისი ოჯახისთვის სირცხვილი მოაქვს. საკუთარი სახელის მაგივრად, ქალებს მათი მამების, ქმრებისა თუ სხვა უახლოესი ნათესავი მამაკაცის სახელით მოიხსენიებენ, არამხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში, არამედ ქორწილის მოსაწვევებსა და საფლავის ქვებზეც კი. იმ საზოგადოებაში, რომელშიც ქალების სახელი არ არის აღიარებული, არც მათი იდენტობა არსებობს, შესაბამისად, არ აქვთ ლეგალური უფლებები და მოიაზრებიან არა როგორც ცალკეული ინდივიდები, არამედ რომელიმე მამაკაცის მფლობელობაში არსებული ნივთები.

პროცესს აყოვნებს წინააღმდეგობა თალიბანისგან. მათთვის ეს ცვლილება „დასავლური“ და მიუღებელია, არღვევს და შეურაცხყოფს ისლამის პრინციპებს.
ვინაიდან თალიბანი დღემდე აკონტროლებს ავღანეთის მნიშვნელოვან ნაწილს, მთავრობასა და თალიბანს შორის მიმდინარე მშვიდობიანი მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიდის, რაც ქალებში წარსული ცხოვრების დაბრუნების, უუფლებობის შიშს იწვევს. თალიბანის მმართველობის პერიოდში ისინი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობდნენ. ვერ მუშაობდნენ, ვერ სწავლობდნენ და თანმხლები მამაკაცის გარეშე სახლიდანაც კი ვერ გადიოდნენ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation