
ავღანელი ოლიმპიური სპრინტერი კიმია იუსუფი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ავღანელი ქალების უფლებების მხარდამჭერი მოწოდებით გამოვიდა.
“განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები” – გარბენის შემდეგ, სპორტსმენმა ფურცელი გაშალა, მესიჯი კი ოლიმპიური თამაშებიდან თალიბანს და მსოფლიოს გაუგზავნა.
“მე ვიბრძვი იმ ქვეყნისთვის, სადაც ტერორისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ვგრძნობ პასუხისმგებლობას ავღანელი ქალების წინაშე, რადგან მათ აზრის გამოხატვის უფლება არ აქვთ. ტერორისტების მმართველობას ავღანეთში არავინ ცნობს, არავინ. მაგრამ მათ ამაზე ლაპარაკი არ შეუძლიათ. მე შემიძლია. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნია”. – განაცხადა სპორტსმენმა გარბენის შემდეგ.
გაეროს მონაცემებით, ავღანეთი თალიბანის მმართველოში ქვეშ მსოფლიოში ყველაზე რეპრესიული ქვეყანაა ქალთა უფლებების მიმართულებით და არა მხოლოდ. მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდა, დაიხურა საშუალო სკოლები გოგონებისთვის, ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტში სწავლა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა, ქალებს მამაკაცის თანხლების გარეშე საჯარო სივრცეში გამოჩენა აკრძალული აქვთ.
