ალბათ, ყველას გვაქვს სახლში გამოყენებული, გადასაგდებად გამზადებული მაკულატურა და პლასტმასის ნივთები, რომლებსაც გამოყენების გზა ვერ მოვუძებნეთ.

ჰოდა, გადავწყვიტეთ, 20 სექტემბერს, 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, თქვენ მიერ შეგროვებული მაკულატურა და პლასტმასის ნივთები ჩავიბაროთ, შემდეგ კი, მის გადამუშავებაზე ვიზრუნოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასისა და მაკულატურის მოხმარების ბოლომდე აღმოფხვრა წარმოუდგენელია, შეგვიძლია თუნდაც პატარა ნაბიჯები გადავდგათ და გარკვეულწილად მაინც შევამციროთ ერთჯერადი პროდუქტების მოხმარება და მათ გადამუშავებაზე ვიფიქროთ. გლობალური პრობლემის მოგვარებას გლობალური პასუხი სჭირდება, ამიტომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხის გადაჭრაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლისთვის ოკეანეში ყოველ 3 ტონა თევზზე 1 ტონა პლასტმასის ნარჩენები მოვა, 2050 წლისთვის კი ამ უკანასკნელის რაოდენობა თევზების რაოდენობას გადააჭარბებს. კვლევების მიხედვით, მსოფლიოს ზღვის ეკოსისტემებზე პლასტმასით მიყენებული სრული ეკონომიკური ზარალი 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ ყველაფრის ფონზე, პლასტმასის ყველა ნაწარმიდან, რაც აქამდე შეუქმნიათ, მხოლოდ 12% გადამუშავდება, უდიდესი ნაწილი კი ნაგავსაყრელებზე, ან გარემოში ხვდება.

პლასტმასის გადამუშავება უზრუნველყოფს ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას ახალი პლასტმასის წარმოებასთან შედარებით. რაც შეეხება მაკულატურას, ქაღალდის გადამუშავება ამცირებს ჰაერის დაბინძურებას 74%-ით, ხოლო წყლის დაბინძურებას 35%-ით.

გელოდებით, არუთინ საიათნოვას #1-ში.