“ძალიან პატარა ასაკში, დაახლოებით მე-5 კლასში, სტრესის გამო დავიწყე გასუქება. წლების და სტრესის მატებასთან ერთად ჩემი კილოგრამებიც იმატებდა. მყავდა პარტნიორები და მათთვის ეს არასდროს წარმოადგენდა პრობლემას. თუმცა ოჯახის წევრებისთვის ეს დიდი პრობლემა იყო, ახლო, თუ შორეული ნათესავებისთვისაც და ნაცნობებისთვისაც. ყოველთვის უსვამდნენ ხაზს, რომ მე უფრო ვგავდი დედას, ვიდრე დედაჩემი, რომელიც 4 შვილის დედაა, მუდამ ვისმენდი, თუ როგორი კარგი იქნებოდა ნაკლები მეჭამა, გოგო ვერ მაჯობებდა თუ გავხდებოდი.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო რამე შემეცვალა საკუთარ თავში. არანაირ პრობლემას წარმოადგენდა ეს ყველაფერი ჩემთვის მანამ, სანამ ერთ დღეს არ გავიღვიძე და არ მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ყველანაირი კომფორტი დავკარგე, აღარ მქონდა გარეთ გასვლის და ჩემი მეგობრების ნახვის სურვილი, უბრალოდ ისიც კი არ ვიცოდი, რა შეიძლება ჩამეცვა და გადავწყვიტე რომ რაღაც შემეცვალა. შემეცვალა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა დედაჩემისთვის, ნაცნობებისთვის და უცხო ხალხისთვის. ნელ-ნელა, თუმცა შედეგიანად დავიწყე კლება და მივხვდი, რომ საკუთარი თავის ერთადერთი სტიმული თავად ვარ. შედეგი ჯერ ბოლო არ არის, რადგან კიდევ ვებრძვი ზედმეტ რამდენიმე კილოგრამს, მაგრამ საკუთარი თავი იმაზე მეტად დავაფასე ვიდრე აქამდე ვაფასებდი. იმიტომ არა, რომ ახლა უფრო კარგად გამოვიყურები, იმიტომ, რომ იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი ვიდრე მეგონა.”
ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/

