აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გამოყენებისთვის დაამტკიცა აივ-ინფექციის პრევენციის ინიექცია. პრეპარატი წელიწადში ორჯერ კეთდება და კომპანია Gilead Sciences-ის მიერაა წარმოებული.

პრეპარატი ახდენს აივ-ინფექციის გადადების პრევენციას. ამ სახის მედიკამენტს PrEP-ს (pre-exposure prophylaxis) უწოდებენ და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს. თუმცა, ის მხოლოდ აბების სახით იყო ხელმისაწვდომი და საჭირო იყო ყოველდღიური მიღება.

აქტივისტების შეფასებით, ხანგრძლივი მოქმედების მქონე მედიკამენტის გამოჩენა იმედისმომცემია, რადგან ის გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დღემდე არსებული აივ-ინფექციის პრევენციის პრეპარატები. ამასთან, მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ადამიანი არ შეწყვეტს მედიკამენტის მიღებას, თუ ეს წელიწადში ორჯერ იქნება საჭირო და არა ყოველდღიურად (აბების სახით).