“და ახლა ვიცი, ეს მთა და ბარი,
ეს მზე და მთვარე რას მეუბნება,
ჩემო ლამაზო სამშობლო მხარევ,
დაბრუნდა შენი თავისუფლება.
შენს გულის ფეთქვას ჩემი ხმაც ერთვის,
ჩადგება ქარი, ზღვაც დამშვიდდება,
აქა ვარ შენთან, აქა ვარ შენთვის,
დაბრუნდა შენი ძველი დიდება”.

საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის შესახებ აქამდე მხატვრული ნაწარმოები არ შექმნილა. მწერალი სალომე ბენიძე პირველია, ვინც გადაწყვიტა მაროს ცხოვრება მისივე თვალით მოგვიყვეს.

გმირების უკან ხომ სინამდვილეში ადამიანები იმალებიან, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიურობა, მისწრაფებები და ცხოვრება აქვთ. მათი, როგორც ადამიანებად გაცნობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მწერალმა სწორედ ეს დაისახა მიზნად – ეროვნული გმირი, მარო, გაგვაცნოს, როგორც ჩვენი საზოგადოების წევრი. მოგვიყვეს მისი თანამოაზრეების, მეგობრების, ადამიანური ცხოვრების დეტალები, რომლებიც მარომ ძალიან მცირეხნიანი ცხოვრების განმავლობაში დააგროვა.

წიგნი არ არის მხოლოდ მარო მაყაშვილის ამბავი, ეს არის მისი ეპოქის ამბავი, მაროს ცხოვრებით მოთხრობილი და განვლილი მეოცე საუკუნის საქართველო.

და როგორი იყო მაროს ცხოვრება? ალბათ, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც ჩვენი ყოველდღიურობაა, მაგრამ მისი ფიქრები სინამდვილეში ჩვეულებრივი არასდროს ყოფილა. მაროს თავისი დღიური ჰქონდა, სადაც ჩანახატებს აკეთებდა და მისი ნაწერების მთავარი თემა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრი იყო.

❤️‍ 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სტუდენტი მარო მაყაშვილი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

მაროს ცხრამეტწლიანი ცხოვრება სალომე ბენიძის წიგნშია თავმოყრილი. დღევანდელი თაობიდან ბევრი გაჰყვებოდა მაროს კოჯრისკენ და მაროც ბევრს დაუდგებოდა გვერდით, ვინც ახლა და ამ დროს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. და ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ჯერ არ დამთავრებულა.

“გავიმარჯვებთ სახელოვნად.”