
დილარა ალიევა – ქალთა უფლებების აქტივისტი და ფილოლოგი #FemWiki
დილარა ალიევა 1929 წლის 14 დეკემბერს, ქალაქ თბილისში დაიბადა. დაწყებითი განათლება სწორედ თბილისში მიიღო, რის შემდეგაც აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ასპირანტურაში ჩაბარების შემდეგ, იგი მივლინებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.
1954 წელს დილარამ თავისი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, თემაზე „აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული კავშირები XIX საუკუნეში“. 1984 წელს კი უკვე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, თემაზე „ნიზამი და ქართული ლიტერატურა“.
დილარა ალიევა იყო ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დღეს დილარა ალიევას სახელს ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ქალების უფლებათა დაცვითაა დაკავებული. აგრეთვე, მისი სახელობისაა ბაქოს ერთ-ერთი ქუჩაც. იმ სახლის კედელზე, რომელშიც ალიევა ცხოვრობდა, მემორიალური დაფაა განთავსებული.
მასალა მომზადდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
