“ეს არის ბოლო ყველაზე ცივი ზაფხული თქვენს ცხოვრებაში“.

კლიმატის ცვლილებების შედეგები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე სულ უფრო და უფრო სწრაფად აისახება. ყოველი მომდევნო ზაფხული წინაზე უფრო ცხელი და ხანგრძლივია.
წელს, ევროპის ქვეყნებში რეკორდული სიცხეა, იწვის ასობით ათასი ჰექტარი, სიცხისა და ხანძრებისგან იღუპებიან ადამიანები და ცხოველები, ათიათასობით მოსახლე იძულებულია, დატოვოს სახლები. ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ცნობით, ანომალიური სიცხეების გამო ქვეყანაში უკვე 360 ადამიანი დაიღუპა. სიცხის ტალღა გავრცელდა პორტუგალიაზეც: 7-13 ივლისს სიცხისგან გარდაიცვალა 238 ადამიანი, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. ეს ივლისის ტემპერატურის სარეკორდო მაჩვენებელია პორტუგალიაში ტემპერატურაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძლზე. მეცნიერები სიცხის ანომალიურ ტალღას კლიმატის გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

ყოველ წელს, კლიმატის ცვლილებების გამო, სიცხის ტალღები უფრო ინტენსიური, ხშირი და ხანგრძლივი ხდება. მაღალი ტემპერატურის გამო კი ფაქტობრივად შეუძლებელია ტყის ხანძრების ლიკვიდირებაც. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის შემდეგ 1 გრადუსით გაიზარდა და ნავარაუდევია, რომ 2100 წლისათვის საშუალო ტემპერატურა 3,2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, რაც 1,2 მილიარდ ადამიანზე მოახდენს გავლენას. ეს დღევანდელ რიცხვზე ოთხჯერ მეტია. ამასთან, ამ შემთხვევაში, ღია სივრცეში მუშაობა დღისით, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება.

კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს პროცესი ჩვენთვის. დღეს მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეთ.