მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სამწუხაროდ, კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მისი ადრეული დიაგნოსტირება იძლევა განკურნების მაღალ შანსს.

კანის კიბოს ყველაზე ეფექტურ პრევენციულ საშუალებად მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენებაა მიჩნეული.

რატომ არის აუცილებელი მზისგან დამცავის გამოყენება?

☀️ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკებს

კანის კიბოს სამი ყველაზე გავრცელებული ტიპი არსებობს: ბაზალური უჯრედების კიბო, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა. ულტრაიისფერი სხივები ყველაზე მაღალი რისკ-ფაქტორია კანის კიბოს ამ სახეობების განვითარებისთვის. მზისგან დამცავის მუდმივი გამოყენება კი გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან, რაც ხელს უწყობს კანის კიბოს განვითარების რისკის პრევენციას.

☀️ იცავს კანს ადრეული დაბერებისგან

ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება კანში კოლაგენისა და ელასტინის ნაადრევ დაშლას იწვევს. შედეგად, ჩნდება წვრილი ხაზები და ნაოჭები. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება გვეხმარება თავიდან ავირიდოთ გარეგანი დაბერება, რასაც ულტრაიიაფერი გამოსხივება იწვევს. მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება გვეხმარება დიდხანს შევინარჩუნოთ გლუვი კანი.

☀️ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს ასაკობრივი და მზის ლაქების პრევენციას

ლაქები როგორც ასაკობრივი, ისე მზისგან წარმოქმნილი გამოწვეულია კანის ჰიპერპიგმენტაციით. ეს ლაქები შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა უფრო ხშირად სახეზე და ხელებზე, სადაც ყველაზე ხშირად ხვდება მზის სხივები.

მზისგან დასაცავად გამოიყენეთ სულ მცირე SPF 30-ის შემცველი პროდუქტები, მაგრამ თუ „ესპეეფი“ უფრო მაღალი იქნება, უკეთესია. საშუალოდ, მზისგან დამცავი პროდუქტები ეფექტს ერთ ან ორ საათში კარგავს, ამიტომ ამ ინტერვალებში კანზე უნდა დაიმატოთ.

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია ნებისმიერ სეზონზე, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია გარეთ. ულტრაიისფერი სხივები კანის ზედაპირზე შეიძლება მოხვდეს ღრუბლების გავლით და ასევე ფანჯრიდან.