“რამდენიმე დღის წინ, ჰოლივუდმა და მაღალმა მოდამ, ბევრ ფემინისტ ქალთან ერთად აღნიშნა იმ კაცის დღე, რომელიც საჯაროდ ძალიან სასტიკი იყო ქალების, პუტკუნა ადამიანების, ემიგრანტებისა და სექსუალურ ძალადობას გადარჩენილი ადამიანების მიმართ. და ყველა ქალთა ჟურნალ-გაზეთმა, თუ ონლაინ მედიამ სიხარულით უგულებელყო ყველა ეს ფაქტი მის შესახებ. რატომღაც, ყველას ერთხმად გაუქრა “მადა” და სურვილი, ეძრომიალა სხვის პირად ცხოვრებაში და ამოექექა უხსოვარი დროის ტვიტები..სხვა შემთხვევებში ამას ძალიან მარტივად ახერხებენ ხოლმე. არავინ არ არის სრულყოფილი ზნეობის, მათ შორის არც მე, მაგრამ ნამდვილად გვქონდა დრო გაგვეცნობიერებინა, რომ განსაკუთრებული პატივი არ უნდა მივაგოთ ფანატიკოს ადამიანს.. თუმცა, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ თუ ეს ჩვენთვის ამ მომენტისთვის უფრო ხელსაყრელია, ადამიანის ხელოვნება და მისი პიროვნება ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ეს წესი კი მხოლოდ “მათთვის” არსებობს, სხვა დანარჩენებისთვის სხვა წესები მოქმედებს (ჩვენ არავინ არაფერს გვაპატიებს, არცერთ ფეხის წაცდენას).
სამწუხაროდ, გუშინ ღიად უარი განვაცხადეთ ჩვენი, ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.”

ასე გამოეხმაურა ფემინისტი და აქტივისტი ჯამილა ჯამილი პირველ მაისს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ მოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს – მეტ გალას.

წლევანდელი მეტ გალას თემა დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი და მოდის სამყაროში მისი მემკვიდრეობა იყო.

მისი მიღწევები მოდის სამყაროში შეუფასებელია, თუმცა მისი ცხოვრება სავსეა სიძულვილის ენით, ფანატიზმითა და მიზოგინიით (ქალთმოძულეობით).