რამდენიმე პოდკასტი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქამდეც გვაწუხებდა დეპრესია, შფოთვა და სხვადასხვა სახის მენტალური პრობლემა, ამას სახელს ვერ ვარქმევდით, რადგან არ ვიცოდით, რა გვჭირდა. ბოლო წლებში მენტალური ჯანმრთელობა აქტუალურ თემად იქცა, ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიგეთ, ჩვენს ემოციებს სახელი დავარქვით, თუმცა დღესაც კი, საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკი არც ისე მარტივია. რთულია მოძებნო ადამიანი, ვინც ზუსტად გაიგებს, რას გრძნობ შენ. მათ, ვისაც მენტალური პრობლემები აწუხებს ხშირად განიცდიან მარტოსულობას. ეს პოდკასტები კი სწორედ ამისთვისაა, რომ თქვენი მარტოობის შეგრძნება შეამსუბუქოს.

1. The Hardcore Self-Help Podcast

ვისაც მენტალური პრობლემები გვაწუხებს, ხშირად გვითქვამს ფრაზები: “დეპრესია მაქვს”, “პანიკური შეტევები მაწუხებს” და ა.შ., თუმცა ხშირად ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, სწორად აღვწერთ თუ არა ჩვენს პრობლემებს. სპეციალისტთა ენა რთულია, ჩვენ კი ამ ტერმინების გამარტივებას ვცდილობთ.

დოქტორ რობერტ დაფის მიერ პოდკასტ The Hardcore Self-Help Podcast-ის შექმნის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ რთული ფსიქოლოგიური ტერმინები ჩვენთვის მარტივად აეხსნა. ეს პოდკასტი დაგეხმარებათ გასცეთ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ გაინტერესებთ.

2. Feeling Good

დოქტორ ბარნსის ეს პოდკასტი გვასწავლის ალტერნატიულ გზებს, როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიასა და შფოთვას.
თერაპიისა და მედიკამენტების გარდა, ყველას გვჭირდება ერთი რამ, რასაც გვერდს ვერავინ ავუვლით, თუკი გვინდა, რომ ჯანსაღად და ბედნიერად ვიცხოვროთ – თვითდახმარების გარეშე ბევრს ვერაფერს გავხდებით. ეს პოდკასტი კი სწორედ ამისთვისაა.

3. The Mental Illness Happy Hour

ამ პოდკასტით ავტორი, ჯილმარტინი, არ ცდილობს თერაპიის ჩანაცვლებას. “ეს უფრო მოსაცდელი ოთახია, სადაც ყოფნა არ ტეხავს”, – ამბობს ის. მისი მთავარი მიზანი მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი და ამით სხვებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაა.
ბევრს იცინებთ, შეიძლება ხანდახან გულახდილობისგან იტიროთ, თუმცა ეს პოდკასტი აუცილებლად დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი.

წყარო: On.ge