
რამდენიმე ფაქტი, რაც ცირკში, ცხოველების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ უნდა იცოდეთ:
1️⃣ ცირკში მომუშავე პერსონალი დიდი ცხოველების მოსათვინიერებლად მათრახს იყენებს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ჯაჭვებით აბამს და ისე ათრევს.
კატისებრთა ოჯახის დიდი წარმომადგენლები ცირკში შიშით გამოდიან. ლომები და ვეფხვები შინაგანად ძლიერები, ველურები არიან, ამიტომ მწვრთნელები მათრახებითა და ჯოხებით ურტყამენ მათ, რომ მორჩილები გახდნენ. მათრახის დარტყმა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს “ჭკუა ასწავლოს” დიდ კატებს, რომ აგრესიისა და დაუმორჩილებლობლობის შემთხვევაში, საკადრისად დაისჯებიან.
სამწუხაროდ, მსგავსი მოპყრობის ქვეშ მხოლოდ დიდი კატები არ არიან, სპილოებსაც მსგავსი სიტუაციის გავლა უწევთ.
2️⃣ მწვრთნელები სპილოებზე ელექტრო საშუალებებსა და სხვადასხვა ტიპის მოწყობილობას იყენებენ.
ბულჰოკი (Bullhook) არის მძიმე, წვეტებიანი ფოლადის ხელსაწყო, რომელსაც მწვრთნელები ცხოველისთვის უკიდურესი ტკივილის მისაყენებლად იყენებენ. წვეტიანი დაბოლოებების გამო, დარტყმის შემთხვევაში, კანზე ჩნდება ღრმა ჭრილობები, ზოგი საერთოდ ვერ უძლებს ტკივილს და რამდენიმე დღეში, სისხლისგან იცლება.
ცხოველების წვრთნის პროცესში სასტიკი მოპყრობისთვის ასევე აქტიურად იყენებენ ელექტრო მოწყობილობებს (ელექტო შოკი).
სპილოებს სწორედ ამგვარი ხერხებით ათვინიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის მოპყრობა კანზე აჩენს ლაქებსა და ნაწიბურებს, წარმოდგენის დროს ამას, სამწუხაროდ, ვერავინ ამჩნევს.
3️⃣ გაუწყლოვება (დეჰიდრატაცია) და შიმშილი ცხოველების წვრთნის ერთ-ერთი ნაწილია.
მათრახი და ელექტრო შოკი არ არის ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ცირკის ცხოველები დაუმორჩილებლობის შემთხვევაში და არა მარტო, იღებენ. ისინი მოკლებული არიან ძირითად საჭიროებებსაც – საკვებსა და წყალს.
როდესაც ცირკის ცხოველები წარმატებით სწავლობენ და ასრულებენ ილეთს, ისინი ჯილდოვდებიან საკვებითა და წყლით. თუმცა, თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, ორივეს გარეშე რჩებიან.
ეს მდგომარეობა ცხოველს ასწავლის, რომ თუ უნდა შიმშილით არ მოკვდეს, ილეთი უნდა შეასრულოს. ასევე, მწვრთნელისთვის მწყურვალ და მშიერ ცხოველზე უპირატესობის მოპოვება უფრო ადვილია.
ცირკში მყოფი გარეული ცხოველების 96% ერთი წლის განმავლობაში 11 თვეს გალიებში ატარებენ, ბევრი ცხოველი ზრდასრულ ასაკსაც ვერ აღწევს და იქვე კვდება. მსოფლიოში სულ 48 ქვეყანაა, რომელმაც ცირკი საერთოდ აკრძალა ან კონკრეტული რეგულაციები წაუყენა. საქართველო მათ რიცხვში ვერ მოხვდა.
იმ სანაოხის მიღმა, რაც ცირკში მისულს დაგხვდებათ, უამრავი ტანჯვა, ძალადობა და წამება იმალება. ალბათ, ხვდებით, რომ ცხოველებისთვის არადამახასიათებელი ქცევის ჩამოყალიბების პროცესში, მათ ურთულესი გზის გავლა უწევთ.
გამოთქვით პროტესტი, ნუ წახვალთ ან ნუ წაიყვანთ საკუთარ შვილებს ცირკში, ცხოველების წამება არ ღირს არანაირ სანახაობად.
