როგორ გავუმკლავდეთ ორსულობის შიშს?

პირველ რიგში, ჩაისუნთქეთ ღრმად.

განცდა იმისა, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ და ეს ამ ეტაპზე არ გინდათ, ნამდვილად იწვევს შიშის შეგრძნებას, თუმცა გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მარტო არ ხართ და ყოველთვის გაქვთ არჩევანის უფლება!

თუ კონტრაცეფციის საშუალებას არ იყენებდით, ან კონტრაცეფცია წარუმატებელი აღმოჩნდა…

თუ კონტრაცეფციული საშუალების გამოყენება ან მიღება დაგავიწყდათ, შეეცადეთ, არ იყოთ ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. თქვენ არ ხართ პირველი, ვისაც ეს დაემართა.

და თუ კონტრაცეფციის საშულებას იყენებდით და წარუმატებელი აღმოჩნდა, იცოდეთ, რომ ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე გგონიათ. მთავარია სწრაფად იმოქმედოთ, თუ ორსულობის თავიდან აცილება გსურთ.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

უნდა მიიღოთ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები.

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები არის ტაბლეტები, რომლის მიღება შესაძლებელია სექსუალური აქტიდან 5 დღის განმავლობაში, თუმცა, მეტი ეფექტურობისთვის, სასურველია, აბი დაუყოვნებლივ მიიღოთ. თუ აბს სექსუალური აქტიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებთ, მისი ეფექტურობა 95%-ია.

თუ მენსტრუაცია გადაცდა რეგულარულ დროს, ან ერთი თვე საერთოდ არ გქონიათ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ორსულად ხართ. ამის მიზეზი თქვენს ორგანიზმში სტრესის მატება შეიძლება იყოს. თუმცა, თუ ეჭვი მაინც ორსულობაზე გაქვთ, ნუ ჩაიტარებთ ტესტს მენსტრუაციის გადაცდენიდან პირველივე დღეს. სავარაუდოდ არ გექნებათ საკმარისი რაოდენობის ე.წ. ორსულობის ჰორმონი, რომ ტესტმა შესაბამისი პასუხი გაჩვენოთ. ყველაზე ეფექტური დრო ტესტზე სწორი პასუხის მისაღებად, მოსალოდნელი მენსტრუაციის დღიდან ერთი კვირის გადათვლაა.

დადასტურებული არასასურველი ორსულობის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებში 12 კვირამდე აბორტი ლეგალურია.

უნდა გახსოვდეთ, რომ როცა რაღაც მიზეზით, დაორსულების შიში შეგიპყრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, გაუზიარეთ ემოციები და რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.