
„როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ რომ ძალით წაიყვანეს, მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე”. – ამბობს იძულებითი ქორწინების ერთ-ერთ საქმეში, გატაცებული არასრულწლოვნის 7 წლის ძმა, რომელიც შეესწრო დის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.
იძულებითი ქორწინება ტრადიციის ნაწილი არ არის, იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება როგორც უშუალოდ ჩამდენი, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირები.
ნუ გაჩუმდები, თუ იცი, რომ შენს კლასელს სკოლა მხოლოდ იმიტომ მიატოვებინეს, რომ გაათხოვონ; ნუ გაჩუმდები, თუ იცი, რომ ხვალ შენს მეზობელს და მეგობარს, იძულებით გაათხოვებენ; ნუ გაჩუმდები, როცა გეტყვიან, რომ იძულებითი ქორწინება ტრადიციის ნაწილია. ადამიანის უფლებების დარღვევა ტრადიციის ნაწილი ვერასდროს იქნება, ამიტომ ნუ გახდები დანაშაულის მონაწილე.
იძულებითი ქორწინების ფაქტზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ცხელი ხაზის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ფაქტის შეტყობინება შეგიძლიათ ანონიმურად.
მომზადებულია UNFPA-სთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
