
“სამწუხაროდ, არაერთხელ გავმხდარვარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. დღეს ამ ისტორიას ვწერ იმიტომ, რომ სხვა გოგონებმა გაიგონ და გაიაზრონ ჩემი გამოცდილება და საზოგადოების არაემპათიური დამოკიდებულების მიუხედავად არ გაჩერდნენ, ხმა ამოიღონ, დაიწყონ ხმამაღლა ლაპარაკი, რომ ერთად ვამხილოთ დამნაშავეები, მოძალადეები, რომლებიც არამარტო ჩემს, არამედ თქვენს უფლებებსაც არღვევენ.
საღამო იყო. სამსახურიდან ძალიან დაღლილი მეტროთი ვბრუნდებოდი სახლში. ის კაცი ჩემთან ერთად მგზავრობდა იმ დღეს. ზოგაგად ტრანსპორტში არავის ვაშტერდები, მაგრამ მისგან დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. როდესაც მეტროდან გამოვედი და მიწისქვეშა გადასასვლელში შევედი ეს კაცი უკან მომყვებოდა და ხმამაღლა სხვების გასაგონად მეძახდა – ,,ოხ, შენ გენაცვალე, რა კარგი ხარ, ჩემი რომ იყო მოგიტაცებდი“. წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა ამ დროს? ძალიან დავიბენი. დავიწყე პანიკური სიცილი. შემდეგ მაჩერებს და მეუბნება, სახელი მითხარი და თუ შეიძლება ვეკონტაქტოთ ერთმანეთსო. დაბნეულმა, აღელვებულმა და გათიშულმა დაღლილობისგან სახელი ვუთხარი. თუმცაღა რომ არ მომშორდა და იმის ახსნა დაიწყო, თუ როგორ შევუყვარდი ხმამაღალი და დაძაბული ტონით ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავს და მას პრობლემები შეექმნებოდა, თუ თავს არ დამანებებდა და სწრაფადვე გამოვბრუნდი უკან.
ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება სხვაგვარად მოვქცეულიყავი და სამართალდამცავებისთვის მიმემართა, მაგრამ ასეთ უკიდურესად ზღვრულ სიტუაციაში ვერაფერი მოვიმოქმედე ჩემი თავის დასაცავად. ყველაზე მეტად გული მტკივა იქ მყოფ ადამიანებზე, რომლებმაც დაინახეს უცხო კაცის მიმართ ხმამაღალი ტონით ლაპარაკი, დაძაბულობა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს.
ჩემი ასაკის ახალგაზრდა ბიჭებმა ჩამიარეს უყურადღებოდ და გულგრილად. ამ შეიძლება სხვებისთვის უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ვიხსენებ საკუთარ თავში ძალის პოვნას ვცდილობ, რომ იგივე ფაქტის განმეორების შემთხვევაში საზოგადოების დახმარების გარეშე დარჩენილმა შევძლო საკუთარი თავის დაცვა.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
თქვენი ისტორიების გამოგზავნა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: https://forms.gle/xQqJhE1rHkUaXcBH6?mibextid=Zxz2cZ
#GrlzWave_Storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
