…”სინათლის ეტლზე ფხიზლად მყოფებიც,
განწირული ვართ დასაღუპავად”.

ინგებორგ ბახმანი ავსტრიელი პოეტი და მწერალი იყო, რომელიც 1926 წელს, ქალაქ კლაგენფურტში დაიბადა. ბახმანმა ინსბრუკისა და ვენის უნივერსიტეტებში ფილოსოფია, ფსიქოლოგია და გერმანული ფილოლოგია შეისწავლა. 1949 წელს კი, ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა რადიოსადგურში დაიწყო, სადაც მისი პირველი რადიოდრამები დაიდგა. სწორედ აქედან იწყება მისი სიყვარული თანამედროვე ლიტერატურის მიმართ.

ბახმანი საკუთარი შემოქმედებით აღწერდა პირად საზღვრებს, ჭეშმარიტების მიღწევის სურვილსა და გზებს, ასევე ხშირად წერდა ომისშემდგომ საზოგადოებაში ქალების გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ, ღიად საუბრობდა პოლიტიკაზე – იმპერიალიზმსა და ფაშიზმზე, როგორც თანამედროვე სამყაროს შეცდომაზე.

1953 წელს ის საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც მთელი მისი დრო ლექსების, ესეების, მოთხრობებისა და ჰანს ჰენზთან ერთად ოპერების ლიბრეტოების წერას დაუთმო, რამაც მალევე მოუტანა საერთაშორისო აღიარება.
როგორც მისი მეგობრები იხსნებენ, მომდევნო წლები მისთვის რთული აღმოჩნდა. ის ალკოჰოლიზმითა და ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა.

გარდაცვალებამდე მან პირველი და ერთადერთი რომანი “მალინა” გამოაქვეყნა. ეს წიგნი ერთგვარი აღსარებაა, აღსარება ქალისა, რომელიც გვიყვება და აღწერს საკუთარ კონფლიქტს დროსთან, სიყვარულთან და საკუთარ თავთან. წიგნი ერთგვარი რეფლექსიაა იმ ადამიანის, რომელმაც თინეიჯერობა ომის დროინდელ ვენაში გაატარა, რაც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მარტივი.
ქალი სახელად “მე”, მისი კაცური საწყისები, ანუ რაციონალური აზროვნება “მალინა”, უნგრელი საყვარელი “ივანი”, რომელსაც სიყვარულის ენით საუბარი არ შეუძლია და მამა, როგორც ძალადობის ენის აღმნიშვნელი, ნაცისტური რეჟიმის სახე. წიგნის ბოლოს კი, სამწუხაროდ, ძალადობის ენა იმარჯვებს.

საკუთარ ლოგინში გაჩენილი ხანძრის გამო, 1973 წლის 25 სექტემბერს ბახმანი სავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე დამწვრობების შედეგად, ის მალევე გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია. არსებობს ვარაუდები, რომ მან ხანძარი განგებ, თავის მოსაკლავად გააჩინა, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა. ერთი რამ ფაქტია, ინგებორგ ბახმანის სახით ავსტრიულ პოეზიას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხმა დააკლდა.

ნაწყვეტს წიგნიდან შეგიძლიათ “ინდიგოს” გვერდზე მოუსმინოთ. კითხულობს ამავე ტექსტის მთარგმნელი, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.

https://fb.watch/iph742vi7s/?mibextid=v7YzmG