სულ რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა – წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, სამწუხაროდ, ერთმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ, დღემდე სხვადასხვა სიმპტომს ებრძვიან, რადგან ინტოქსიკაცია ხშირად იწვევს გრძელვადიან გვერდით ეფექტებს. მათ შორის, თვალის შემთხვევაში:
სიბრმავეს;
ჰემორაგიას;
ნერვის დაზიანებას;
კატარაქტას;
რქოვანას ეროზიას.
რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანების დროს:
ხველებას და სუნთქვის გაძნელებას;
თავბრუსხვევას;
დიარეას;
გულმკერდის შებოჭილობასა და ტკივილს;
ღებინებას.
კანის დაზიანების შემთხვევაში:
ქავილს;
სიწითლესა და შეშუპებას;
ალერგიულ დერმატიტს;
ქიმიურ დამწვრობას.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ცრემლსადენი გაზის ხანგრძლივმა ან განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები (PTSD). ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის ან არტერიული წნევის მატება, გულის დაავადებების მქონე ადამიანებში კი, გულის გაჩერება ან სიკვდილი.
როგორც არ უნდა იმართლებდეს თავს ხელისუფლება, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს ფატალური შედეგები და სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში არსებობს მსგავსი პრეცენდენტები.
თუ ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის მერე, სიმპტომების გამოვლენა გაგრძრელდა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს!
ფოტო: მარიამ გიუნაშვილი



