
“ქამინგაუთი საკუთარ თავთან 16 წლის ასაკში მქონდა, როდესაც პირველად შემიყვარდა გოგო. მიკვირს, რომ ასე გვიან მივხვდი. 8 წლიდან მახსოვს ჩემი ქცევები, ინტერესები, გრძნობები და პეპლები მუცელში, როგორც კი გოგო ახლოს დამიდგებოდა და მისი თმები ან ტანსაცმელი კანზე მედებოდა. თუმცა, მაშინ ჩემი ქცევის ახსნა მიჭირდა. სიტყვა ლესბოსელი გაგებული კი, მაგრამ გააზრებული არ მქონია. ასე ვიცოდი და მეგონა, რომ ამისთვის მოკლე თმები, სპორტული აღნაგობა და მეტი გაბედულობა იყო საჭირო, როგორიცაა თამამი პარკური, ფეხბურთის კარგად თამაში და უბანში საქმეების გარჩევის ხელოვნება ბიჭებთან ერთად.
როცა გაავიაზრე რომ მე გოგოები მომწონდა, მივხვდი რომ ნებისმიერი შეიძლებოდა ლესბოსელი ყოფილიყო. მეამაყებოდა რომ ჩემი თავი ვიპოვე, შედარებით გაბედული გავხდი, ყველაფერმა თავისი ადგილი გამონახა, ჩემს თავში, სულში უფრო ჰარმონიული, შეთანხმებული წყობა ვიგრძენი.
მე გავიზარდე ათეისტ ოჯახში და როგორც რელიგიას არ მახვევდნენ თავზე, არც ჰომოსექსუალებს და ტრანსგენდერებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მე ვიცოდი ცისფერი და ვარდისფერი, ვუსმენდი ლეიდი გაგას ასე 12 წლამდე, სანამ ემო ფაზამ გადაფარა ჩემი არსებობა. ეს უკანასკნელიც ძალიან ბუნებრივი იყო, მე ყოველთვის ყველანაირ სიტუაციაში და სამეგობრო წრეებში ამოვარდნილად ვგრძნობდი თავს.
მეგობრებს უბრალოდ ვთხოვე, რომ გოგოს სანახავად გამომყოლოდნენ და მერე თვითონ მიხვდნენ. არ ვიცი, რატომ მაგრამ პირდაპირ თქმა ყოველთვის მიჭირდა ჩემთვის ახლო ადამიანებისთვის და უბრალოდ ზედმეტად აშკარა გავხადე. მეგობრებთან მარტივი იყო. ერთ-ერთს ჰომოფობიური დამოკიდებულებები დღემდე აქვს დარჩენილი და ფიქრობს, რომ მეშლება და მგონი ჰეტეროსექსუალი ვარ. თუმცა არ ვერჩი, ამ შემთხვევაში ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანების მიმართ ზიზღი გადალახა, გასათვალისწინებელია, რომ არავის არ იცნობდა ჩემამდე. კლასელებს მალევე ვუთხარი ან მათაც თავისით გაიგეს, არ მახსოვს, ჩემს გარშემო უკვე ყველამ იცოდა – დიდმაც და პატარამაც, ოჯახის გარდა.
დედასთან 4 წელი დამჭირდა, ნელ-ნელა შეპარებით. ვიცოდი, რომ პირდაპირ თქმა გამიჭირდებოდა, თუმცა, ვთვლიდი, რომ უნდა სცოდნოდა. ჯერ სტატიებს ვუკითხავდი, კვლევების შედეგებს და სტატისტიკებს ვუზიარებდი, კითხვები ქონდა და პასუხსაც ისმენდა. ბევრჯერ ვცადე და ბოლოს ერთ-ერთი არაპირდაპირი ქამინგაუთის დროს ვკითხე, გოგო რომ მყავდეს, გაგაცნო-თქო და კიო, ხოდა შეყვარებული გავაცანი. ჩემი მაშინდელი შეყვარებულის მიღება მაინც ძალიან გაუჭირდა. დღემდე მიჭირს გავიგო მისი ამ დამოკიდებულების მიზეზი: ჩემი შეყვარებული არ მოსწონდა, მის მიმართ ჩემი ობსესური დამოკიდებულება, თუ ჯერ კიდევ ვერაფერს მივაღწიეთ 4 წლიანი „დატრენინგების“ მერე. დედაჩემი ამაყი მშობელია, ყველას ქომაგობს და პროტესტის სურვილიც უჩნდება, როდესაც რაიმე უსამართლობას გაიგებს ქვიარ ადამიანებზე.
ხალხისგან მიკრო და ძალიან დამაზიანებელ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს დღემდე ვიღებ და ვგრძნობ. თუმცა, მათი დამოკიდებულება ჩემთვის მაინც უმნიშვნელოა. ვცდილობ, მათაც ავუხსნა მაგრამ ახსნის მერეც რომ ვერ გაიგონ, მათი დამოკიდებულება ვფიქრობ მაინც არ მაზიანებს. არის რაღაცეები, რასაც ზოგი ვერ გადაახტა და ვერ გაიაზრა. ცოტა მესმის რთულია ჩაუღრმავდე შენ ცრურწმენებს, ამოიცნო საზოგადოების გავლენა, რომელიც შენთან შეუთანხმებლად და გაუაზრებლად მოხდა. რთულია ამ სისტემის ძირფესვიანად ამოცნობა, თუმცა არ ვფიქრობ რომ საპატიოა.”
მასალა შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ლგბტქი თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლას და სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
