“ჩემი ისტორია პატარაობის ასაკიდან იწყება, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემ თავს. სექსუალური შევიწროების მსხვერპლი წლების განმავლობაში ისე გავხდი, რომ ამ თემაზე ვერავის ვესაუბრებოდი.

დედაჩემს ოთხი და ჰყავს, ჩემი ერთ-ერთი “ბიძა” ჩემზე ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და ძალადობს, მავიწროვებს და ეს დღემდე გრძელდება. მიკონტროლებს ყველა ნაბიჯს, რამდენჯერაც კარს შემოვაღებ, ყურადღებას მაქცევს – რას ვჭამდი, რას და როგორ ვიტყოდი, აინტერესებს ყველაფერი ჩემ გარშემო, უსირცხვილოდ, კომპლიმენტიც კი უთქვამს მამაჩემის თანდასწრებით.

ჩვეულებრივ, ასეთ უცნაურ და განსაკუთრებულ ინტერესს ჩემ მიმართ არცერთი ბიძა არ იჩენს, შეპყრობილია. თუ სტუმრად მოდის ან მასთან მივდივართ, როგორც კი დამინახავს, თვალს არ მაშორებს, ცდილობს, გამოხედვით სულ კონტაქტი დაამყაროს, რამდენჯერმე ჩემთან მოახლოებაც კი სცადა, მაგრამ მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ზოგჯერ ტკბილეულიც გამოუგზავნია ჩემთვის, რადგან იცის, რომ ტკბილეული ძალიან მიყვარს და ამას ისე ჩვეულებრივად აკეთებს, როგორც ვითომ დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის იზამდა. სიმართლე კი ის არის, რომ მის ცოლს გარეგნულად ძალიან ვგავარ და აშკარაა, რომ მას ხედავს ჩემში.

მან ჩემ მიმართ ის წითელი ზღვარი გადაკვეთა, რომელიც ჩემს ოჯახს ღირსებას ულახავს, ამას კი ვერავინ ხედავს. მშობლებს მივანიშნე, რომ ჩვენს შიდა წრეშიც შეიძლება იყოს მოძალადე და არ დამიჯერეს, არც მამაჩემმა და არც დედაჩემმა. ამიტომ გადავწყვიტე, მასთან ჩემი მეთოდებით ვიბრძოლო. ჩემზე რომ იყოს, შემაკავებელ ორდერს დავუწესებდი, მაგრამ კარგი ოჯახი ჰყავს და არ მინდა მისი და ჩემი ოჯახი ამით დავანგრიო. მათაც თავიანი შიდა პრობლემები აქვთ.

ახალ წელს ბიძაჩემის ოჯახში ვიყავით, ჭიქით ხელში ვიდექი და უკნიდან მთვრალი მომიახლოვდა, ორივე ხელი მკლავებში ჩამჭიდა და მკითხა – მითხარი, შენ რა გინდაო? მე კი ხუმრობით ვუპასუხე, ნელა, არ დამასხმევინოთ-მეთქი. მრავლობითში შემთხვევით ვუთხარი, რადგან ბევრი ხალხი ტრიალებდა გარშემო. ხელი გამიშვა. მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი. იქიდან წამოსვლა მაშინვე მინდოდა, მაგრამ ვერ მოვდიოდი, რადგან გვიან და თან წვიმიანი ამინდი იყო.

ზოგადად, როცა მასთან სახლში ავდივართ სტუმრად, საშინელი დისკომფორტი მაქვს და ბუნებრივია, სულ დაძაბული ვარ, ამიტომ არ მინდა ხოლმე მის სახლში წასვლა. თან, ისიც მშვენივრად იცის, რომ მისი ტერიტორიაა და როგორც უნდა, ისე მოიქცევა. მე კი ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუშალო. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, მასზე არაფერი მოქმედებს. ჩემი დისტანციის დაჭერა ვერ აჩერებს და არ იცის, როდის გაჩერდეს, არ იცის თავისი ადგილი. მე კი ამის შეჩერება, სამწუხაროდ, არ შემიძლია. მანიპულატორია, ყველას ჰგონია, რომ კარგი კაცია, მაგრამ მისი ნამდვილი ბნელი სახე მხოლოდ მე ვიცი.

მინდა, ჩემი ისტორიით ყველა იმ გოგონას მივცე სტიმული, ვინც ოჯახური ძალადობის მხვერპლია და საჯაროდ ამ თემაზე ვერ საუბრობს. არ ჩაიკეტოთ და საკუთარი უფლებების დასაცავად საკუთარი ძალებით ყველანაირად ეცადეთ იბრძოლოთ.”

ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT