
“ჩემი ისტორიის მოყოლა ამდენი წლის შემდეგ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ახლა ეს ერთადერთი რამ მგონია, რისი გაკეთებაც შემიძლია მომხდარის შესახებ. 12-13 წლის ვიყავი, მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. მაშინ ძალიან მარტოსული და ჩუმი ბავშვი ვიყავი, კონფლიქტების მეშინოდა და საკმაოდ მკაცრი მშობლები მყავდა.
ერთ საღამოს, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, სახლში უნდა წავსულიყავი. გასასვლელისკენ მივდიოდი, როდესაც დაცვამ გამაჩერა, რომელსაც იქვე პატარა ჯიხური ჰქონდა მოწყობილი და რატომღაც შიგნით მეპატიჟებოდა. ეს თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა და უარი ვუთხარი, თუმცა არ შემეშვა. ამაზე ვუპასუხე, რომ მეჩქარებოდა და უნდა გავსულიყავი. ამის შემდეგ, მითხრა, რომ ჩამეხუტებოდა მაინც, რაზეც უარი არ მითქვამს, რადგან უზრდელობა მეგონა. ეს ჩახუტება ძალიან დიდხანს გაგრძელდა და როდესაც მისგან გაცლა დავაპირე, უფრო ძლიერად დამიჭირა, აღარ მიშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი გავეშვი. ამ დროს დამეწყო პანიკა და ვცდილობდი, როგორმე თავი დამეღწია. დაცვამ ორივე ხელით დაიჭირა ჩემი სახე და ტუჩებში მაკოცა. ეს იმდენად საშინელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ძალა მოვიკრიბე და გავეცალე. სამწუხაროდ, ეს პირველი კოცნა იყო ჩემს ცხოვრებაში.
მეორე დღეს სკოლაში ბასრი ფრჩხილის საჭრელით მივედი და ასე ორი წელი ვიარე. დაცვამ კი ამ ყველაფრის შემდეგ ბოდიში მომიხადა და ტკბილეული მომცა, რომლებიც, რა თქმა უნდა, გადავაგდე.
გადავწყვიტე, რომ მშობლებს ამას ვერ მოვუყვებოდი და ჩემით რამე უნდა მომეფიქრებინა. მეგონა, დერეფანში კამერა იქნებოდა, რომელიც ამას დააფიქსირებდა, თუმცა არ იყო. შემდეგ ეს მოვუყევი ერთ უფროს ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი მომეჩვენა და ის კაცი ძალიან კარგი ადამიანია. რამდენიმე ბავშვსაც ვესაუბრე და ერთ-ერთი მისი შვილი აღმოჩნდა, მანაც იგივე მითხრა.
სკოლა რომ დავამთავრე, სამი წლის შემდეგ, ატესტატის ასაღებად მივედი და დაცვად იგივე ადამიანი დამხვდა. ერთხელ მეტროში შემხვდა და გამიღიმა. ზუსტად არ ვიცი, მარტო მე ვიყავი მისი სამიზნე, თუ სხვა ბავშვებიც, მაგრამ ძალიან მაწუხებს, რომ ის სავარაუდოდ დღესაც სადღაც მუშაობს და საფრთხეს წარმოადგენს.”
ილუსტრაცია: @sophophi
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
@euingeorgia
#EU4Georgia #gcrt
