
“ჩვეულებრივი დღე იყო, მგონი გაზაფული, მაშინ დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი, სკოლიდან მოვდიოდი. მეცადინეობას რომ ვრჩებოდი ხოლმე, გარეთ გავდიოდი ფეხბურთის სათამაშოდ. ერთ დღესაც სამმა ბიჭმა სკოლის ეზოს უკან გამიყვანა, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ან როგორი რეაქცია უნდა მქონოდა ამ ყველაფერზე, ამიტომ უბრალოდ მივყვებოდი მათ. მეგონა, რამე უნდა გვეთამაშა. თამაშის ნაცვლად, ორი მათგანი ჩემკენ წამოიწია და შემომთავაზა, სექსუალური კავშირი გვქონოდა. მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს, ამიტომ არც უარი მითქვამს და არც დავეთანხმე, ალბათ, მათ დუმილი თანხმობას მიაწერეს და დაიწყეს ჩემი ტანსაცმლის გახდა. მეშინოდა, მაგრამ მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მომეწონებოდა. როცა შევეწინააღმდეგე, ხელებით ჩემი გაკავება დაიწყეს…
სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, მაგრამ არავისთვის მითქვამს, არც ჩემი მშობლებისთვის, რადგან ბიჭი ვარ.
ამ ყველაფრის შემდეგ დამეწყო შფოთვა, ქუჩაში არ გავდიოდი, არც იმ ბიჭებთან მქონდა კონტაქტი, რომლებსაც სკოლის შემდეგ ვეთამაშებოდი. წლების განმავლობაში ეს მომხდარი ყოველდღე მიტივტივდებოდა, ვცდილობდი, ყველაფერი ამომეგდო თავიდან, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი ამ ყველაფერში. შემდეგ დამეწყო gender dysphoria, შემძულდა საკუთარი ტანი, დავიწყე დიდი რაოდენობით საკვების მიღება. იმ გაზაფხულის ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ვარდისფერი სათვალეები მომეხსნა თვალებიდან, რომლითაც ცხოვრებას ვუყურებდი. ყველაფერი ერთფეროვანი არ გამხდარა, მხოლოდ ადამიანები…”
* გენდერული დისფორია აღნიშნავს იმ დისკომფორტისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როდესაც მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარი სხეულის სქესობრივ მახასიათებლებსა და საკუთარ რეალურ იდენტობას შორის არსებული კონფლიქტის გამო.
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
#GrlzWave_Storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
