„ხმა ქართველი ქალისა“

დიდი პატარა პროტესტები

“ჩემი ჩართულობა პატარა პროტესტებიდან დაიწყო. ვიდექი ადამიანების შრომითი უფლებების დაცვის პროტესტებზე. ამ დროს, მქონდა შეგრძნება, რომ პროტესტებში ჩემი მონაწილეობა არასაკმარისი იყო, თითქოს ამ ადამიანებამდე ჩემი, როგორც ცალკეული ადამიანის ხმა არ აღწევდა. რაც შეეხება დიდ პროტესტებს – მქონდა შეგრძნება რომ აზრთა სხვადასხვაობა უფრო დიდი იყო ვიდრე ერთიანობა.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან ბავშვებთან ვმუშაობ. ვფიქრობ, როცა ბავშვები გიყვარს, უფრო სენსიტიური ხარ უსამართლობის მიმართ, და რომ ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან უმუშავიათ, უფრო ემპათიურები არიან, შეიძლება ვცდები მაგრამ ასე მგონია. როცა ეს გამოცდილება გაქვს, როცა უსამართლობას ეჯახები, საკუთარ თავს ფარად აქცევ, რომ ადამიანები დაიცვა.

რაც არჩევნები გაყალბდა, მას შემდეგ, ამ პროტესტის ნაწილი ვარ. დაწყებული პატარა აქციებით, დამთავრებული 28 ნოემბრის შემდეგ ამოხეთქილი დიდი პროტესტით. არ ვიცოდი, სად წამეღო ბრაზი, რაც მქონდა, ჯერ მმართველი პარტიის, შემდეგ ოპოზიციის მიმართ… ვერ ვხვდებოდი, რატომ გვჭირდებოდა მაინცდამაინც ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებამდე საქმის მიყვანა, რომ ასეთი ძალით ამოეხეთქა პროტესტს… 28 ნოემბერი არ ყოფილა ჩემთვის გადამწყვეტი, რადგან მანამდეც ვიყავი წინააღმდეგობაში, მანამდეც მქონდა ბრაზი, შეგრძნება, რომ ვიყავით ძალიან ცოტა, და ვიყავით ისევ ის ადამიანები, ის ჯგუფები, რომელთა ხმაც, საბოლოო ჯამში, აღარავის სჭირდება.”

“გამარჯვება ხალხშია – ძალა ერთობაშია”

“ძალიან ბევრი წელია, ტელევიზორს არ ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, ამ საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არსებობდა. 28 ნოემბრის შემდეგ, მალევე, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის კერა გაჩნდა, მოვიძიე ინფორმაცია არხთან დაკავშირებით – მაინტერესებდა უყურებს თუ არა ხალხი და წაგვადგებოდა თუ არა აქ დგომა. პასუხი მარტივი აღმოჩნდა – საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენი, ხალხის ჯიბიდან დაფინანსებული ორგანიზმი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყანაში პროპაგანდამ იმუშავა, და საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი თანაავტორია.

პროტესტის დაწყებიდან მალევე მოგვცეს ეთერი. ჩემთვის სწორედ აქ დაიწყო რადიკალურად სხვა პროტესტი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი – 40 წუთიანი ეთერი, რომელშიც პროტესტმა ხალხის ხმა მოახვედრა. საპირისპირო, არგუმენტირებული, ჯანსაღი აზრები პროფესიონალებისგან და პროპაგანდის წინააღმდეგ, იყო ძალიან საინტერესო, რაღაც ახალი, რომელმაც ხალხი ერთმანეთთან დააკავშირა.

ჩემი აზრით, სოლიდარობა ყველაზე ძლიერი იარაღია. მარშის შეძახილებშიც რომ გვაქვს ფრაზა: “გამარჯვება ხალხშია – ძალა ერთობაშია”, ეს ხომ შემთხვევითი არ არის? თუ რამე გადაგვილახავს წარსულში – გადაგვილახავს ერთობით და სოლიდარობით.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისულს დამხვდნენ ადამიანები, რომლებსაც ყველა სხვა აქციაზე და პატარა სოციალურ პროტესტებზე ვხედავდი. ადამიანები, რომლებსაც ადარდებთ ადამიანები. ადამიანები, რომელთა წუხილებსაც, ვფიქრობ, ვიზიარებ და რომელთა იდეებიც მომწონს.

ახალი წლის წინა პერიოდში იყო პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარში – ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი სოციალისტური მესიჯებით და პოსტერებით გაჯერებული. ამ პოსტერებს მოჰყვა შეძახილები, როგორიცაა: “სოლიდარობა მშრომელებს!”, “სოლიდარობა მეშახტეებს!”, “სოლიდარობა საჯარო მოხელეებს!” ძალიან მომეწონა ეს შეძახილები. ნელ-ნელა სხვა შინაარსებიც წამოვიდა: “არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა”. ამის შემდეგ ჩვეული მარშის დროს, საზმაუსთან მისულმა შევატყვე, რომ რაოდენობრივად ცოტანი ვიყავით და ერთადერთი რაც მარშს ახალისებდა, პერიოდული შეძახილები იყო. ვიგრძენი, რომ ეს მარში მეტ შემართებას შეიძენდა, თუ ეს შეძახილები იქნებოდა უწყვეტი, ამიტომ მეც ავყევი. ნელ-ნელა ხალხმაც აიტაცა ეს მუხტი. პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის და როგორც პარლამენტამდე მისულმა გავიაზრე, ხალხისთვისაც.
შემდეგ დღეს კი პროტესტზე დაბრუნებულს უკვე შემომთავაზეს, რომ მარშს პირდაპირ მე გავყოლოდი. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ პროცესში ისე აღმოჩნდა, რომ დავდექი მეგაფონთან.

ეს შეძახილები ჯერ კიდევ არ იყო მუსიკალური. მერე დაემატა ფრაზები, მოდიოდნენ ადამიანები, გვეცნობოდნენ, გვთავაზობდნენ ჩასამატებელ წინადადებებს, მერე ვიღაცებს მიჰქონდათ შეკრული ნაწილები და თავისას ამატებდნენ. ჩვენ ვნახავდით, ეხმიანებოდა თუ არა ეს შეძახილები პროტესტს და ვიყენებდით. და ასე, საერთო პროცესში გაიზარდა ეს შეძახილები. მანამდე თუ სამი წინადადება იყო, ახლა თხუთმეტია.

რაღაც ეტაპზე, “სინათლის მოძრაობამ” მოგვიტანა ინსტრუმენტები. გამოჩნდნენ მოხალისეებიც. ამასობაში მივხვდით, რომ პროტესტის შიგნით პატარა თემი გაჩნდა, რომელმაც ერთმანეთთან შეთანხმებით, ჰარმონიულად დაიწყო მუშაობა.

მივხვდით, რომ ძალიან კარგი გამოდიოდა, მივხვდით, რომ ამით ხალხის ყურადღებას მივიქცევდით და რაც მთავარია, ამ ყურადღებას ბუნებრივად მივაპყრობდით მნიშვნელოვან შინაარსებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, რომ დევნილებს საცხოვრისისთვის თავის დაწვა უწევთ, რომ ბავშვები შიმშილობენ, რომ გასხვისებულია ქვეყნის რესურსი, რომ ქვიარებს ადამიანებად არ აღიარებენ, და ა.შ.

რიტმი არის ის, რაც იქცევს ყურადღებას, რაც ადამიანს ბუნებრივად უჯდება ტვინში. პოლიციელებსაც კი, რომლებიც გვერდით მოგვყვებიან, ჩვენი შეძახილები ეღიღინებათ.

მარშების დროს ერთმანეთს ვენაცვლებით, მარტო მე არ ვარ. თითოეულ ჩვენგანს, ვინც შეძახილებით წინ უძღვის მარშს, გვიგრძნია ის უზღვავი ენერგია, რომელიც უკნიდან – ხალხისგან მოდის. ამ ენერგიით ვივსებით.”

‍♀️ პროტესტს ქალის ხმა აქვს

“ყველაზე დიდი ბმა ადამიანებსა და იმ ადამიანს შორის, ვინც პროტესტს უძღვება, არის ემპათია. ამ ენერგიის გაშვება კი, ყველაზე დიდი დოზით, სწორედ ქალს შეუძლია. ეს, რაღაც თვალსაზრისით, ტოქსიკურიც შეიძლება იყოს, რადგან სოციალურმა როლებმა გადაგვიწყვიტა, რომ მხოლოდ ჩვენ, ქალები უნდა ვიყოთ მთავარი მზრუნველები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ გვაღელვებს. ჩემში ძლიერია რწმენა, რომ ქალების სოლიდარობას დიდი ძალა აქვს. მარშის პროცესში, ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ მეც ვარ ქალი – შეიძლება, რომ ვიღაცას ჰქონდეს ჩემი იმედი.
მოგატყუებთ რომ გითხრათ, არ არის სასიამოვნო ამხელა ყურადღება და დადებითი ემოციები, რაც ამ პროცესში მივიღე. ეს ბუნებრივია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – საფრთხილოა. გვინახავს ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მოძრაობის ნაწილი ყოფილან, ინდივიდუალურად მოქცეულან ფოკუსში და ისეთ ხიბლში ჩავარდნილან, რომლის სივრცეც პროტესტში და წინააღმდეგობაში არ არის. როცა საკუთარ თავზე ამხელა აქცენტი ვიგრძენი, შემეშინდა, მეც ამ ხიბლში არ ჩავვარდნილიყავი.

მედიასაშუალებებიდან იყო დაინტერესება, ვინ არის თაკო. არადა, აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ რას ამბობს თაკო. რას ვყვირით, რაზე ვბრაზობთ – ესაა მთავარი. ეს შინაარსები არ ვარ მე. ეს არის სონა, ეს არის ლეკა, ეს არის ელენე… ჩემთან ერთად და ჩემ უკან ვინც დგას, ყველა. ეს ხმა ყველა იმ ჩაგრული ქალისაა, ვისაც ერთხელ მაინც დაუყვირია, ან ვერ მოუსწრია დაყვირება. ყველა იმ ქალისაა, ვისზეც უძალადიათ, მოუკლავთ…კესარიასია ეს ხმა. ეს ხმა მიემართებათ მშრომელებს, ჩაგრულებს, დედებს… მე არ მჭირდება მადლობა. მე მინდა, რომ გვერდით დაგვიდგე. მე მინდა, რომ ისე გადარდებდეს, როგორც ჩვენ გვადარდებს.”

რისთვის ვდგავართ❓

“მეტროსთან რომ მოვდივართ, შეგრძნება მაქვს, რომ მეტროში ჩადის ჩვენი ხმა, და რომ ის ხალხი, ვინც იქ მატარებელს ელოდება, შეიძლება, ისმენდეს, რომ ვყვირით – “ღირსეული პირობები მშრომელებს”, “ღირსეული პირობები დევნილებს!” ამ დროს მაქვს შეგრძნება რომ ნაცნობ პროპაგანდას ვუპირისპირებთ ნამდვილ შინაარსებს, რომლის გამოც ვდგავართ ქუჩაში, და რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს.ავტობუსის გაჩერებებზე, სამსახურებში, სხვადასხვა ადგილებში, პროტესტის შინაარსებს ადამიანებს ვაწვდენთ. ქუჩაში ერთმანეთისთვის ვდგავართ. იმისთვის ვდგავართ, რომ გავიგოთ, რა არის უკეთესობა. ერთი ჭირიდან მეორე ჭირში გადასვლას უნდა გავეშვათ. აღარ უნდა დავუწესოთ ადამიანებს ჩარჩოები, როდის რაზე ილაპარაკონ. იმისთვის ვდგავართ, რომ ყველამ ერთად ვიპოვოთ, რას ნიშნავს ქართველობა. ამ პროტესტში ყველას ადგილია. აქ პრიორიტეტი ხალხი და მისი კეთილდღეობაა.

ქუჩაში ვდგავართ იმისთვის, რომ დაიძლიოს სოციალური სიდუხჭირე, რომ შეწყდეს ტერორი და, რომ აშენდეს ხიდები ადამიანებს შორის და მმართველი პარტიების მიერ ხელოვნურად გაჩენილი ნაპრლები, ამოივსოს ჯანსაღი საზოგადოების შექმინთ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება ხალხი.

დევნილებისთვის ვდგავართ, მშრომელებისთვის ვდგავართ, ექთნებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის ვდგავართ. ბავშვებისთვის, დედებისთვის, ემიგრანტებისთვის ვდგავართ. ქვიარებისთვის ვდგავართ. ყველასთვის ვდგავართ. ამ ქვეყანაში ადამიანების დრო უნდა მოვიდეს. დღის წესრიგში ადამიანები და მათი გამოცდილებები უნდა დადგეს. დიქტატურაში აღარაფრის ადგილი აღარ დარჩება იქიდან, რაც არის ადამიანი.” – თაკო ხელაძე

ფოტო: Dina Oganova – Documentary Photographer