❗ სახელისუფლებო ძალების მიერ მართული ტელეკომპანიის დირექტორს შალვა რამიშვილს, რამდენიმე ქალი კვლავ სექსუალურ შევიწროვებაში ამხელს. მანამდე, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ უჩივლა და 2018 წელს, დავა ორ ინსტანციაში მოუგო.

20 მარტს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შალვა რამიშვილმა 7-8 წლის წინ, სამსახურეობრივი გასაუბრების დროს სექსუალურად შეავიწროვა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, რამიშვილმა მას სექსუალური ხასიათის კითხვები დაუსვა და გასაუბრების დროს პორნო ჩართო. ჟურნალისტის თქმით, ის აქამდე არ იყო მზად ამაზე ღიად სასაუბროდ და იცის, რომ ამას ბევრი სიბინძურე მოჰყვება.

მაკო ჯაბუას პოსტს გამოეხმაურა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანანო იაშვილიც. მან დაწერა, რომ წლების წინ ისიც გახდა რამიშვილისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მსგავს ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი გვანცა ბუდაღაშვილიც.

❗ შალვა რამიშვილს არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიების არ ჯერა და რამიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, “ფაშისტური” მიდგომა უწოდა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე ნინო წილოსანიც მამუკა მდინარაძის მსგავსად ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლთა ისტორიებს და ამბობს, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმე.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერი ტიპის სექსუალური შევიწროვება ისჯება, ხელისუფლება ჯერ კიდევ ახალისებს შესაძლო მოძალაადებს.

ჩვენ სრულად ვემიჯნებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას!

სექსუალური შევიწროვების შემდეგ, ადამიანებს ხშირად უჭირთ ამ საკითხზე ღიად საუბარი, რადგან, ერთი მხრივ, სტრესს განიცდიან და უჭირთ მომხდარის გააზრება და მეორე, აშინებთ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ამართლებს მოძალადეს!

სინამდვილეში, არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც დადასტურებულ მოძალადეს გავამართლებთ. ისტორიებს, რომელსაც ჩვენი წარსული ინახავს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და როცა ადამიანი საჭიროდ ჩათვლის, მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს აღნიშნულზე, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეს ისტორიის რეალურობას.
თანადგომა ყველა ძალადობა გამოვლილ ქალს.❗