
“16 წლის ვიყავი. ზაფხული იყო. დრო “გამეპარა” და ვერ შევამჩნიე როგორ დამიგვიანდა სახლში. გარეუბანში ვცხოვრობ, სადაც ავტობუსები (იმ დროს) 22:30 საათამდე მდე დადიოდა, თუმცა ავტობუსი არ მოსულა. ნერვიულობა დავიწყე და ვცდილობდი არ მეტირა… ვიგრძენი,რომ ვიღაც მიყურებდა (მგონი, ყველა გრძნობს როდესაც ვინმე დაჟინებით უყურებს). არ მიმიქცევია ყურადღება,რადგან სხვა საფიქრალი მქონდა. ის კი ამ დროს გზაზე გადმოვიდა… 50 წლამდე კაცი იყო. მამა გარდაცვლილი მყავს. 11 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა და მას შემდეგ ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ყველა მამაჩემისნაირი კეთილი იყო… მითხრა,რომ შეეძლო სახლში წავეყვანე, რომ ჩემი მშობლები ინერვიულებდნენ და ცალკე მე ვარ ცოდო და ცალკე ისინი. თავიდან არ ვთანხმდებოდი,მაგრამ უკე 12 საათი იწყებოდა და ბოლოს დავთანხმდი.
მარშუტკა ჰყავდა. წინა სკამზე დავჯექი და ღვედი შევიკარი. როდესაც ავტობანზე გავედით, სვლა შეანელა. ვკითხე, რა ხდებოდა. მითხრა, ბენზინი მითავდება, ჩემს მეგობარს დავურეკავ და ის წაგიყვანსო. ავნერვიულდი. მიხვდა, რომ რაღაც ვიგრძენი და ვითომ რაღაც ნომრის აკრეფვა დაიწყო. რაღაცებს მეკითხებოდა. მოვატყუე სახელი, გვარი, ასაკი. ის, რომ ძმა და მამა მყავდა. გზიდან გადავიდა,ავტობანის შუაში დააყენა მანქანა და მითხრა აქ დაველოდოთო. ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. უეცრად შემომხედა და მეუბნება “იცი? ცუდი გოგო ხარ ასე გვიან რომ მიდიხარ სახლში”. ისე შემეშინდა, ხმა ჩამიწყდა. ძალიან გავოფლიანდი, ნერწყვსაც ვერ ვყლაპავდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. თითით მომწმინდა ლოყა და მითხრა “ნუ გეშინია”. გულში ვფიქრობდი “ღმერთო გთხოვ თუ რამეს დამიშავებს, ჩემი თავი ცოცხალი არ დაატოვებინო”. გადმოიხარა და თეძოზე მომკიდა ხელი. მამაზე დავიწყე ფიქრი. ვფიქრობდი, როგორ არ მომამზადა ასეთი რაღაცებისთვის,როგორ არ მასწავლა თავდაცვა? რატომ არ მითხრა რომ სამყარო ასეთი საშიში იყო?
არ ვიცი რა მოხდა,ჩემმა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა,მარცხენა ხელით ღვედი გავიხსენი მარჯვენა ხელით სახეში ჩავარტყი და სანამ აზრზე მოვიდა, კარი გავაღე და დაბლა ჩავხტი… მივრბოდი ავტობანზე. არ ვტიროდი, ვერ ვტიროდი… სუნთქვა მიჭირდა. მეგონა, მომდევდა და ისე გავრბოდი, ისე სწრაფად, მეგონა რამდენიმე წამში სახლში გავჩნდებოდი. ვიღაცამ მანქანა გააჩერა,შემეშინდა და მაგრამ ხმაც ვერ ამოვიღე. 25-30 წლის კაცი იყო,მიხვდა, რომ რაღაც მოხდა და მითხრა,რომ არაფერს დამიშავებდა. წყალი მომაწოდა. არ ვიცოდი რა მექნა. იქნებ, მორიგ მოძალადეს ვესაუბრებოდი? მაგრამ ვენდე.
მკითხა სახელი და მითხრა, რომ ის კაცი მოგვეძებნა. როცა მივბრუნდით იქ აღარ იყო. მთელი ამ დროის მანძილზე ხმა რ ამომიღია. მხოლოდ სახელი ვუთხარი. ვერ ვლაპარაკობდი. მხოლოდ ვანიშნებდი რაღაცებს. სახლში რომ მივედი ვიბანავე. სხეულს ისე ვიხეხავდი, ვფიქრობდი, ბინძური ვიყავი. საკუთარ თავს ვერ ვიტანდი. მეგონა, მე ვიყავი დამნაშავე ამხელა კაცი რომ გამოვიწვიე. ვფიქრობდი,რომ ყველგან ის კაცი იყო. ვერც მარშუტკებში ავდიოდი, ვერც მარტო დავდიოდი, ვერც გარეთ გავდიოდი. მეშინოდა. არავის მოვუყევი. მხოლოდ დაქალებს, რომლებმაც დამცინეს…
ახლაც მეშინია,სულ ვიყურები იმ ადგილას. ვფიქრობ რამდენ გოგოს მოექცა ისე, როგორც მე და მინდა, ყველა დავიცვა მისგან. იმედია, არავინ არასდროს შემხვდება მსგავსი, რადგან ახლა ყველაფერზე ვარ წამსვლელი და აღარ მეშინია.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
