
1929 წელს აჭარაში, ხულოელმა ქალმა ფემბე ხოზრევანიძემ ჩადრი სახალხოდ მოიხადა.
#femfact
საუკუნეების განმავლობაში ჩადრი აჭარელი ქალების კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, შესაბამისად, მსგავსი ქმედება რევოლუციურ ნაბიჯს წარმოადგენდა და 1929 წლის აჭარის აჯანყება არის მისი შედეგი.
კომუნისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ქალებისთვის ჩადრის მოხდა იყო, რადგან ყველანაირ რელიგიურ წეს-ჩვეულებას ომს უცხადებდნენ. თავდაპირველად, აგიტატორები არწმუნებდნენ ქალებს, რომ ახალი ცხოვრების სტილს ჩადრი არ შეეფერებოდა, ხოლო 1926 წელს ქედაში, შუახევსა და ხულოში დაიწყო ჩადრის წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობა, ვინც აგიტაციას არ გაწევდა, მათ ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრებოდათ ან პარტიიდან რიცხავდნენ. მოსკოვიდან დადგენილების მიღების შემდეგ კი, სასტიკად სჯიდნენ.
ამ კამპანიას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მომხრეები ძირითადად კომუნისტი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იყვნენ. ფემბე ხოზრევანიძე, რომელმაც სახალხოდ დაწვა ჩადრი, ხულოს მაზრის თავმჯდომარის დედა იყო.
თითოეული ქალის გადაწყვეტილება, რომელმაც მკაცრად დადგენილი წესების პირობებში მოახერხა ჩადრის მოხდა, საკმაოდ რთული და გაბედული ნაბიჯი იყო. შოთა ცეცხლაძის წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“ ვკითხულობთ, რომ „სოფელ ღურტაში ჩადრახდილმა ახალგაზრდა ქალმა აიშე ღორჯომელაძემ ახალგაზრდების გამართულ კრებაზე პრინციპულად მოითხოვა სოფლის თანატოლ ქალებს ჩადრი მოეხადათ, ქართულ სკოლაში მისულიყვნენ და სწავლა-განათლება მიეღოთ. კრების დასრულების შემდეგ, როცა იგი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა, მისმა ახლობელმა ქალებმა ჯოხით სცემეს და მოკლეს“.
1929 წლის 8 თებერვალს მაჰმადიან ქართველ ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა, რომელსაც 447 ქალი დელეგატი დაესწრო, საიდანაც 380 აჭარელი იყო. ყრილობის ბოლოს ოცდაათამდე ქალი სცენაზე ავიდა და ერთხმად დაიყვირა: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“, რის შემდეგაც ჩადრი მოიხადეს, ძირს დაყარეს და დაწვეს.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
