ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი, რომელსაც ხშირად ერთი რომანის ავტორსაც უწოდებენ, 1926 წელს დაიბადა.
მწერლობით ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო, თუმცა კოლეჯში იურიდიულს სწავლობდა. მას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. 22 წლის ლი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და მუშაობა ავიაბილეთების გაყიდვების აგენტად დაიწყო, თავისუფალ დროს კი, მხატვრული ლიტერატურის შექმნას უთმობდა.
1960 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას”, რამაც ჰარპერ ლის პულიცერის პრემია მოუტანა და იმდროინდელმა საზოგადოებამ, ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად აღიარა. წიგნი დღემდე რჩება თაობის ხმად. 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველს დღემდე ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ამქვეყნად საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
1962 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, სადაც ატიკუს ფინჩის როლს გრიგორი პეკი ასრულებს.
2007 წლის ნოემბერში მწერალმა ამერიკის პრეზიდენტისგან თავისუფლების მედალი მიიღო.
მწერლის მეორე და უკანასკნელი რომანი “მიდი, დააყენე დარაჯი” 2015 წელს გამოვიდა. დიდ ბრიტანეთში წიგნის 105 ათასი ეგზემპლარი გამოსცეს.
მას არასდროს უყვარდა საზოგადოების წინაშე ხშირი გამოჩენა, ცხოვრობდა ჩაკეტილი და მშვიდი ცხოვრებით. “ყველაზე კეთილი წიგნის” ავტორი 2016 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“მინდოდა, ამ ქალის მაგალითზე შენი თვალით გენახა რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიმამაცე, მხნეობა;
რომ არ გეფიქრა, თითქოს სიმამაცე – ესაა კაცი თოფით ხელში.
ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და ყველაფრის მიუხედავად იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს ის.” – ჰარპერ ლი, “ნუ მოკლავ ჯაფარას ”
ტექსტი მოამზადა ნინი როხვაძემ

