ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა, უკეთ ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით, როგორც ლესია უკრაინკა, 1871 წელს უკრაინაში დაიბადა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალია უკრაინულ ლიტერატურაში. „მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი“ – ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის, ქალს, რომელმაც თავის ხანმოკლე სიცოცხლის მნიშვნელოვანი წლები საქართველოში გაატარა.
ის ათი წლის იყო, როცა ძვლის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა, გადაიტანა რამდენიმე მძიმე ოპერაციაც. ხშირად ლოგინადაც იყო ჩავარდნილი. ლექსების წერა 9 წლის ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ ამბობდა, თავის ავადმყოფობას პოეზიით კურნავდა.
ლესია უკრაინკა იმპერიალისტურ შეზღუდვებს და შეხედულებებს თავისი ნაშრომებით ეწინააღმდეგებოდა. მისმა პიესებმა მსოფლიო კულტურის ელემენტები შეიტანა უკრაინულ ლიტერატურაში. ის აღწერდა, როგორია იძულებით ჩაკეტილობაში ცხოვრება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა – დიდგვაროვანი ქალი, სწორედ ამ თემებს ეხება.
“მოსკოვის ჩექმის ქვეშ უკრაინა სისხლისგან იცლება, ამას ეძახით მშვიდობას? – პიესის ეს გზავნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმპერიალიზმს, ის ღიად ამბობდა, რომ რუსეთთან კავშირი, ალიანსი, ტრაგედია იყო ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, იმპერიის დაცემამდე ეს ნაწარმოები არც გამოქვეყნებულა და არც სადმე დაუდგამთ. არც მისი საბჭოთა პერიოდის გამოცემები შეიცავს ამ პიესას.
მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო საქართველოსთანაც. მან ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში და ქუთაისში ცხოვრებისას დაწერა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები – “ტყის ზღაპარი“, „ქვის ბატონი“, „რუფინი და პრისცილა“. საქართველო მისთვის იყო მკურნალი ბუნება, რომელიც ეხმარებოდა დაავადების შემსუბუქებაში. მან მხოლოდ 42 წელი იცოცხლა. სურამი – მისი სამკურნალო ჰავა – იყო პოეტი ქალის უკანასკნელი იმედი და საცხოვრებელი. ის სწორედ აქ, ზინდისში, რკინიგზელ პაპავას სახლში დაქირავებულ ოთახში გარდაიცვალა.
ლესია უკრაინკას ქართულად თარგმნიდნენ საუკუნის წინ და თარგმნიან დღესაც. მისი სახელი ქართული ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. სურამში ლესიაობა – პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული 1952 წლიდან აღინიშნება. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, თელავში – მისი ძეგლი, სურამში კი, სახლ-მუზეუმი.

