#Femwiki
სერენა უილიამსი ამერიკელი ჩოგბურთელია, რომელმაც ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქალთა ჩოგბურთში თავისი განსაკუთრებული თამაშის სტილით. მას ღია პირველობაზე იმაზე მეტი სლემის ტიტული აქვს მოგებული (23), ვიდრე ნებისმიერ სხვა ჩოგბურთელს. ჰყავს ერთი შვილი, 4 წლის ოლიმპია. ამ მიზეზით, 2017 წელს ცოტა ხნით, ჩოგბურთზე უარი თქვა, თუმცა კორტზე მალევე დაბრუნდა.

40 წლის სერენა უილიამსი სპორტის გარდა, აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, მხარს უჭერს ამერიკელ ახალგაზრებს, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ. მან სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით რამდენიმე ათეული სკოლა ააშენა აფრიკაში, დააარსა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Serena. რამდენიმე წლის წინ, UNICEF-მა კეთილი ნების საერთაშორისო ელჩად დაასახელა. “ფორსბის“ გამოქვეყნებულ რეიტინგში „2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები“ მან 85-ე ადგილი დაიკავა. ამერიკელი ჩოგბურთელი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც ტოპ 100-ში მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ, Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სერენა უილიამსმა სპორტული კარიერის დასასრულზე ისაუბრა:

“არასოდეს მსურდა აღმოვჩენილიყავი მოცემულობის წინაშე, როცა ოჯახსა და ჩოგბურთს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა. არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. მე რომ კაცი ვიყო, ამის თქმა არ მომიწევდა, ჩოგბურთის თამაშს და ტიტულების მოგებას გავაგრძელებდი, სანამ ოჯახის გაფართოებისთვის ფიზიკურ შრომას ჩემი ცოლი შეასრულებდა….
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მადლიერი ვარ, თან იმდენად, რომ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ამდენი გამარჯვება და ტიტული თქვენთან ერთად მოვიპოვე. ჩემი ეს ვერსია მომენატრება. იმ გოგოსი, ვინც ჩოგბურთს თამაშობდა. და მე თქვენ ძალიან მომენატრებით”.