
ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის, ბავშვობაშიც კი (გარკვეული ასაკიდან) აუცილებელია მისი პირადი სივრცისა და საზღვრების დაცვა.
ხშირად პირადი სივრცის რღვევა ასოცირდება დისკომფორტის, დაუცველობისა და შიშის განცდასთან. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ეს განცდები უფრო გამძაფრებულია. საკუთარი პირადი სივრცის არსებობა ბავშვს ეხმარება თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს, მან უნდა იცოდეს, ვის აქვს შეხების, ჩახუტების უფლება, რაც დაიცავს მას, მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესში?
1️⃣ ნუ მოეფერებით და ჩაეხუტებით ბავშვს დაუკითხავად. ჯერ ჰკითხეთ, რამდენად უნდა მას ეს. ამ შემთხვევაში, ბავშვი ისწავლის საკუთარი სურვილების დაცვას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სხვებს არ მისცემს უფლებას, ფიზიკურად შეეხონ მას;
2️⃣ ასწავლეთ ბავშვებს სხეულებრივი უსაფრთხოების გარკვეული წესები. მათ უნდა იცოდნენ, რომ სხეულზე აქვთ ისეთი ადგილები, რომელზეც შეხების უფლება არავის არ აქვს, თუ ეს არ არის მშობელი, თუ ეს ჰიგიენურ, ან სამედიცინო მანიპულაციებს არ ეხება;
3️⃣ ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს ვარღვევთ მაშინ, როდესაც მათგან დაუკითხავად ვაქვეყნებთ მათ პირად ფოტოს თუ ვიდეოს. აუცილებელია, როდესაც გაგვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენს შვილთან დაკავშირებული რაიმე სიახლე გავაზიაროთ, პირველ რიგში მას ვკითხოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ გადავდგათ ეს ნაბიჯი;
4️⃣ როდესაც ვაზიარებთ ბავშვის ფოტოს, მათი თანხმობის შემთხვევაშიც კი, ეს შესაძლოა სხვადასხვა რისკთან იყოს დაკავშირებული და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მოიცავს ბავშვის ადგილსამყოფელს, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და უყვარს. ასევე, მშობლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო შესაძლოა მომავალში ბავშვისთვის ბულინგის სამიზნედ ქცევის რისკი იყოს.
სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ტიპის ძალადობის შემთხვევების მუდმივად მზარდი სტატისტიკა გვაქვს, რაც ერთგვარი განგაშის სიგნალია ყველა მშობლისთვის. ასწავლეთ და მიუთითეთ ბავშვებს, რომ აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი პირადი სივრცე. მშობლებს კი გაქვთ პასუხისმგებლობა, აკონტროლოთ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში ასაჯაროვებთ.
გახსოვდეთ, ბავშვის ინფორმირება ზრდის მის დაცულობას პოტენციური საფრთხეებისგან.
