ადრეულ ასაკში ქორწინებაში მყოფი გოგოების გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ერთგვარი ზეწოლის ქვეშ არიან – გააჩინონ შვილი რაც შეიძლება მალე, რომ გაამართლონ საზოგადოებისა თუ ოჯახის მოლოდინები. მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგოების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ არ არის მზად ორსულობისა და ბავშვის გაჩენისთვის და მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულებების რისკი.

მოზარდ ასაკში ორსულობა და დედობა განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკის გოგოებს უჭირთ ბავშვისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ არის საჭირო სკოლებში ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების არსებობა, რადგან მას ორი ძირითადი მიზანი აქვს: შეამციროს არასასურველი ორსულობების რიცხვი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება და სექსუალური ძალადობა; ხელი შეუწყოს მოზარდების კეთილდღეობას ცხოვრების ხარისხისა და ადამიანური ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.

ბავშვის ასაკში ქორწინების ფაქტზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ცხელი ხაზის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ფაქტის შეტყობინება შეგიძლიათ ანონიმურად.

მომზადებულია UNFPA-სთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.