ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

⭐️ გზა

ჩემ თავზე ვფიქრობ, რომ ვარ ფემინისტი. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტური თეორიები აკადემიურად არ მისწავლია, ხშირად ვგრძნობ, რომ მე ამ ფემინისტურ თეორიებში „ვცხოვრობ.“ როცა კრიზისებს გავდივარ როგორც ქალი, მერე ვნახულობ, რომ ეს სხვა ფემინისტებმა უკვე გაიარეს. ხანდახან მწყინს, რომ ეს ყველაფერი წიგნებში არ წავიკითხე, რომ უფრო მომზადებული დავხვედროდი კრიზისებს და ნაკლები ზიანით გამევლო ეს გზა.

ამ მომენტში ვმუშაობ ადვოკატად და იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ ხანდახან მგონია, ჩემი ჰობია და მუშაობის პროცესში ვისვენებ. სანამ ჩემი თავი ვიპოვე, რთული გზა გავიარე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ფსიქოლოგიის მიმართულებით. დიდი ხანი მეგონა, რომ ფსიქოლოგი ვიქნებოდი. სამყაროს ასე ვუყურებდი, რომ ვიღაცები უნდა ყოფილიყვნენ აქტიურები, მე კი მსმენელის პოზიციაში ვიქნებოდი. დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მაგისტრატურაზე დიპლომის დაცვის დროს ვნახე, რომ არავინ მისმენდა და არავის აინტერესებდა, რის შესახებ ვსაუბრობდი. იმავე დღეს ჩემი დაწერილი თეზისი სანაგვეში გადავაგდე. შემდეგ ჩავაბარე ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით, სამედიცინო სფეროში. 6 წელი ვსწავლობდი. ამ პერიოდშიც სამყაროს მიმართ ვიყავი მსმენელის და დამკვირვებლის როლში. საავადმყოფოებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში ვმუშაობდი. საკმაოდ რთულ პაციენტებთან ვმუშაობდი. ერთ დღეს ძალიან გავბრაზდი, რადგან ვხედავდი, რომ პაციენტებს, რომლებზეც მთელი გულით ვზრუნავდი, ჩემი თერაპიული ოთახის გარეთ ჩაგრავდნენ. მივხვდი, რომ საავადმყოფო ის ადგილი აღარ იყო, სადაც ამას პასიურად დავაკვირდებოდი და უფლებას მივცემდი ისინი დაეჩაგრათ. გამოვიხურე კარი და წავედი ადამიანის უფლებების მიმართულებით. ამ დროისთვის უკვე მქონდა ორი პროფესია და განათლება მიღებული მქონდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ბრიტანეთი, დანია, ჰოლანდია. ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის დაწყებისას აღმოვაჩინე, რომ არ მისმენდნენ, რადგან არ მქონდა განათლება სამართლის მიმართულებით მიღებული. მეუბნებოდნენ, რომ იურისტი არ ვიყავი და რაღაც საქმეს ვერ გავაკეთებდი. ხომ არიან ადამიანები, ვისაც შექება უყვართ და ეს აძლევთ მოტივაციას? ჩემ შემთხვევაში პირიქითაა. უნდა გამაბრაზო, რომ საქმე გამაკეთებინო. შესაბამისად, გადავწყვიტე გავმხდარიყავი იურისტი. 31 წლის ვიყავი, როდესაც ეროვნულ გამოცდებზე გავედი. ვისწავლე ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში, შემდეგ ფულბრაიტის პროგრამით ტეხაში გავიარე მაგისტრატურა ადამიანის უფლებების და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. ამ პერიოდში მოხდა ტრანსფორმირება. მანამდე თუ ვიყავი მსმენელი და დამკვირვებელი, გადავედი მოქმედი პირის როლში.

ხშირად ვფიქრობ და ვდარდობ, რომ ძალაინ ბევრი ქალი და ბავშვი არის გარშემო, ვისაც ვერ ვეხმარები. ეს ფიქრები ხანდახან ღამე არ მაძინებს. მიფიქრია, მათ რომ ჩვენ შესახებ ჰქონოდათ ინფორმაცია, მოვიდოდა და ჩვენ მას რაღაცით ვუშველიდით, გადავარჩენდით.
ერთ-ერთი ალბათ რაც სხვა იურისტებისგან განგვასხვავებს არის ის, რომ ჩვენ, ფემინისტი იურისტები, უპირობოდ ვენდობით ყველა ქალს, ვინც ჩვენთან მოდის. ჯერ დახმარების და ნდობის ხელს ვუწოდებთ და შემდეგ უკვე ვიკვლევთ დეტალებს და ნიუანსებს.

⭐️ ზეწოლა

სხვადასხვა ტიპის ზეწოლას ვგრძნობდი, რადგან ამდენჯერ შევიცვალე პროფესია, ან რადგან ოჯახი და შვილები მყავდა და ეს შეუსაბამო იყო კარიერულ ამბიციასთან. ხშირად ქალაქგარეთ სესიებს და ტრეინინგებს ამის გამო ვერ ვესწრებოდი. სტაჟირებებზე სიარულის დროსაც მაგრძნობინებდნენ, რომ თითქოს არ იყო იქ ჩემი ადგილი. ფემინისტების მხრიდანაც მახსოვს ზეწოლა. ერთხელ ვითხოვე, რომ 7 საათის შემდეგ არ დაენიშნათ შეხვედრა, რადგან ბავშვებს ვერსად ვტოვებდი, პასუხად კი მივიღე, რომ თუ სახლში ვერ დამიცავს ჩემი უფლებები და ბავშვის დამტოვებელი ვერ მიპოვნია, როგორ ვფიქრობდი საერთოდ სხვა ქალების უფლებების დაცვაზე. მეწყინა და მივხვდი, რომ სხვადასხვა გამოცდილებები არსებობს, რომელიც თუ არ გამოიარე, წიგნში ვერ წაიკითხავ. ვერც მე წავიკითხავ, თუ არ გავიარე ეს ყველაფერი.

ძალიან რთული დისკრიმინაციის, გენდერის ნიშნით ჩაგვრის და შევიწროების შემთხვევები მქონია. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვხვდებოდი. როდესაც ეს გავიაზრე და მივხვდი, მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ძალა, რომ ამ ყველაფერს დავპირისპირებოდი. დიდი ხანი გრძელდებოდა, როდესაც ვიცოდი, რომ მავიწროებდნენ და ვერ ვცვლიდი ვერაფერს. შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც შემავიწროეს და ხმა ამოვიღე, სასამართლოში წავედი. ამიტომ, როცა ვხვდები ქალებს, ვისაც ავიწროებენ და ვერ ეწინნააღმდეგებიან, ეს აღარ მიკვირს, ვეუბნები რომ ავიწროებენ მაგრამ მე დაველოდები სანამ ამასთან გამკლავების ძალები მოუვა და მერე დავეხმარები სამართლებრივად. ამის თქმით უკვე ვეხმარები.

როდესაც პროცესზე გავდივარ, უმეტესად ვიცი, რომ ისე უნდა მოვიქცე, როგორც ეს მასკულინურ სამყაროშია საჭირო. ვიცი, რომ უნდა ვიყო ძალაინ მკაცრი, და მომთხოვნი. სხვანაირად ვერ მოვიგებ. ეს ცოტა ჩემი თავიდან გასვლას ნიშნავს, მაგრამ, ვიცი რომ უნდა მოვიგო, ამიტომ მივდივარ ამ კომპრომისზე ჩემ თავთან. შეიძლება დადგეს დრო, როდესაც მე აღარ მომიწევს ანგარიში გავუწიო მასკულინურ ქცევის ნორმებს სასამართლო პროცესზე გასვლისას, უბრალოდ მანამდე ჩემი დასაცავი ქალის და ბავშვის ინტერესი უფრო მაღალია და ყველაფრის ფასად დავიცავ.

ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე არის ერთი კაცი, ან ძალიან იშვიათ შემთხვევაში ქალი, რომელიც მარწმუნებს, რომ არაფერი არ შემიძლია. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასე არაა, მაგრამ ვიღაცის მხრიდან ამის მოსმენა ყოველთვის მტკივნეულია.

⭐️ სრულყოფილება და მენტალური ჯანმრთელობა

მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ ვასწრებ, ან ვახერხებ ყველაფერს. ჩემი პასუხია, რომ ვერაფერსაც ვერ ვასწრებ და რასაც ვახერხებ, ვახერხებ იმის ხარჯზე, რომ ვთმობ გართობის დროს, მეგობრებთან ყოფნის დროს, თავის მოვლის დროს და ა.შ
საკუთარი დროს ხარჯზე ვაკეთებ რომ ვამბობ, ვფიქრობ, რომ ესაა ჩემში ინტერნალიზებული სექსიზმი და საკუთარი თავის ჩაგვრა. რატომ ვჩაგრავ საკუთარ თავს? იმდენად მაწუხებს ხოლმე, სხვების პრობლემები, მირჩევნია, ჩემი თავი და საჭიროებები გვერდზე გადავდო ცოტა ხნით.

მინდა ხოლმე, რომ საკუთარ მოწყვლადობაზე და პრობლემებზე ღიად ვისაუბრო, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის უფლება არ მაქვს. ვიღაც ქალისთვის შეიძლება ერთადერთი იმედი ვიყო რომელიც იმ წუთში ადვოკატის როლში ეხმარება და თუ მან დაინახა, რომ მეც კი ვწუწუნებ და სუსტად ვარ შეიძლება, საკუთარი კარგად ყოფნის აღარ ირწმუნოს და ჩემი იმედიც დაკარგოს.
ჩემს სულიერ “გაჭირვებებზე” და პრობლემებზთითქმის არ ვსაუბრობ, რადგან უნდა დავიცვა ქალი, ან ბავშვი და მისი დაცვა რომ შევძლო, უნდა ვიყო ძალიან ძლიერი. იძულებული ვარ, ჩემი სულიერი “მე” გვერდზე გადავდო და ვიყო ის, ვისაც სამყარო ითხოვს რომ ვიყო: დასავლეთში განათლება მიღებული, რამდენიმე პროფესიის მქონე, გამოცდილი ადვოკატი და ფემინისტი. მე თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ვისაუბრებ, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული გადაღლით, მძიმე რეალობით, პროფესიული გადაწვით ამას გამოიყენებენ ისინი, ვინც იცავენ მოძალადეებს. მე ხომ მათ ამის შანსს ვერ მივცემ. შესაბამისად, სულ უნდა ვიყო ძლიერი, ოპტიმისტი, იმედიანი.

ხშირად მაქვს სევდიანი ფიქრები. ოცი წელია ამ სფეროში ვარ და ძალიან ცოტა შევცვალე. ეს სევდა, დეპრესიული განწყობები, თვითიზოლაცია, განცდა რომ მარტო ხარ ძალიან ინტენსიურია თუმცა თოთქმის არასდროს ვსაუბრობ ამაზე. აქედან გამოსავალი კი ხშირად არის უფრო მეტი მუშაობა.

⭐️ აქტივიზმი და ერთად მოგებული ბრძოლა

მარცხი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება, თუმცა მარცხისგან გამოწვეული სევდიგან რომ გამოვიდეთ, ქალებმა ერთმანეთს ხშირად უნდა ვახსენოთ მომენტები და შემთხვევები, როდესაც ბრძოლა მოვიგეთ.

გამარჯვების ისტორიებში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია ადრეული ქორწინების თემის წამოწევის და პირველი სტატისტიკის შექმნის ისტორია. მე და ჩემი კოლეგები სახალხო დამცველიდან მარნეულში ჩავედით და შევხვდით პედაგოგებს. შეხვედრას ესწრებოდა პოლიციელიც. ამ დროს საზოგადოებაში არავინ საუბრობდა ადრეული ქორწინების თემაზე. 2011 წელი იყო. უცებ, რაღაც თქვა პედაგოგმა, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ ახლა ეს რომ კიდევ გაიმეორო, მე შენ უნდა დაგიჭიროო. ვერ გავიგეთ მაშინ რა მოხდა, ამიტომ მასწავლებელს გავამეორებინეთ წინადება. უთქვამს, რომ ვიღაც ბავშვი გათხოვილა და კარგია ეს, რადგან ამ ზამთარს მაინც ექნება ოჯახს კარტოფილიო. საუბარი იყო 13 წლის ბავშვზე. ბევრი რამ იყო ამ მომენტში ბუნდოვანი. ჩამოვედით თბილისში და დავიწყეთ ადრეული ქორწინების თემატიკის კვლევა. ხან მთავრობას მივწერეთ, ხან ინტერნეტში ვეძებდით სანდო ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ არანაირი სტატისტიკა არ არსებობდა. მივწერეთ ინდივიდუალურად სკოლებს და ვთხოვეთ ეთქვათ, თუ რამდენი გოგონა აცდენდა სკოლას ნაადრევად დაქორწინების გამო. მოვიდა ნელნელა პასუხები და ვნახეთ, რომ საკმაოდ მაღალი იყო რიცხვი. დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, რის გამოც ბევრი მუქარა და შეურაცხყოფა მივიღეთ. ბევრჯერ მოგვიწია პროკურატურაში თუ სხვადასხვა უწყებებში მისვლა. საბოლოოდ, ნელნელა ეს ადრეული ქორწინების თემაც დაიძრა. შემდეგ, ჩვენ შექმნილ პირველ სტატისტიკას ქალთა მოძრაობამ და სხვა ძალიან აქტიურმა ქალებმა უფრო ძლიერი აქტივიზმი დააშენეს და საბოლოო კანონში ცვლილებაც შევიდა. ეს მხოლოდ ერთი წინ გადადმული ნაბიჯი იყო, ცხადია ამ გოგოების დაცვა უნდა გავაგრძელოთ.

გამარჯვებების დროს ხშირად შენი შრომა საერთოდ არ ჩანს, იკარგება, თუმცა, მთავარია, ჩვენ ვიცით, რამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო. ეს გეხმარება ახალი ბრძოლები წამოიწყო და შემდეგ სხვა ქალებთან ერთად გამარჯვება გაიზიარო და იზეიმო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia