ანტი-ლგბტ კანონით, რუსული ისტორია ქართულ რეალობაში გადაიწერა.

ანტი-ლგბტ კანონი რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს და წლების განმავლობაში მკაცრდებოდა, არეალის გაფართოებასთან ერთად. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო გაამკაცრა ჰომოფობიური რიტორიკა და კრიტიკული აზრის ჩამხშობ ინსტრუმენტად აქცია.

რუსეთში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ სიძულვილი და ძალადობა წაახალისა, რასაც არაერთი აქტივისტი ემსხვერპლა. მათ შორისაა ელენა გრიგორიევა, რომელიც 2019 წელს სასტიკად მოკლული იპოვეს.

რუსეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებსა და რიტორიკას შორის მსგავსების პოვნა ძალიან მარტივია, ფაქტობრივად, მათი იდენტურობის გამო. დისკრიმინაციული კანონის მიზანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, ქვიარ თემისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დემონიზაცია, ძალადობის წახალისება, ცენზურის დაწესება და ადამიანების მასობრივი კონტროლი.

არაერთი რუსული თუ საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ 2013 წელს მიღებული ანტი-ლგბტ კანონმდებლობის შემდეგ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები რუსეთში გაორმაგდა. ამასთანავე, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეების დევნისათვის.