
ანტი-ლგბტ კანონის საფუძველზე, იზღუდება კიდევ ერთი ფუნდამენტური უფლება – შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება არ არის საჭირო – საკმარისია მერიისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იგეგმება შეკრება. ამ კანონის თანახმად, 2 დეკემბრიდან ეს წესი იცვლება და, აქციის გასამართად, აუცილებელი ხდება ნებართვის აღება მერიისგან. თუ მერიას პოლიციისგან აქვს ინფორმაცია, რომ ამ შეკრებაზე „პოპულარიზაცია“ გაეწევა ლგბტ საკითხებს, იგი არ გასცემს ნებართვას აქციის ჩასატარებლად. შესაბამისად, აშკარაა, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ეზღუდება არა მხოლოდ ქვიარ თემს, არამედ ფართო საზოგადოებასაც, ვინაიდან იქმნება ინსტრუმენტი კრიტიკული აქციების ასაკრძალად. კანონის ამ მუხლით საქართველოში ხელახლა შემოდის რუსეთისთვის კარგად ნაცნობი დემონსტრაციების სანქცირების პრაქტიკა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წელს გააუქმა.
ამრიგად, კანონს, რომელიც შემუშავდა ოჯახური ღირებულებებისა და სიწმინდის დაცვის საბაბით, არაფერი აქვს საერთო ოჯახთან, ოჯახურ ღირებულებებსა და, მით უფრო, სიწმინდესთან. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიდემოკრატიულია და მათ სახელმწიფო მიუღებელი აქციების დასაშლელად გამოიყენებს.
