“არ ვიცი, საიდან დავიწყო, თუმცა კონკრეტულმა ფაქტმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების განვითარებასა და მამრობით სქესთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
ალბათ სჯობს, კონკრეტული ასაკიდან მივყვე:
ბავშვობაში ხშირად მივდიოდით სტუმრად ნათესავებთან, 90-იან წლებში ელ.ენერგიის და ცხელი წყლის პრობლემა ხშირად იყო, მათთან კი ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, ამიტომ ხშირად ვრჩებოდით ხოლმე ღამით.

სტუმრობისას ძირითადად ჩემი ოჯახის წევრთან ერთად მეძინა, მაგრამ ცოტა რომ წამოვიზარდე, მარტოს მომიწია დაძინება და იქიდან დაიწყო მთელი ამბავი.
დედაჩემის ე.წ. ბიძაშვილი, რომელსაც ბიძად ვთვლიდი ერთ-ერთ დილას შემოვიდა იმ ოთახში, სადაც მეძინა. გამოფხიზლებისას დავინახე მისი თავი ჩემს მკერდთან, შევკრთი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა/მექნა. შემდეგ ხელით მეხებოდა გინეტალიებზე და თან მეუბნებოდა ჩუმად იყავი, ყველაფერი კარგადააო.

შემეშინდა, ვერავისთან ვერაფერი ვთქვი, არ მეგონა რომ ვინმე დამიჯერებდა.
ამ კონკრეტული ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ განმეორდა მსგავსი შემთხვევა. ერთ-ერთის დროს ვიფიქრე, მოდი წინააღმდეგობას გავუწევ და გინეტალიებისკენ რომ წაიღებს ხელს, ფეხებს მივაერთებ ერთმანეთთან მეთქი. ასეც მოვიქეცი. გაბრაზდა და მთელი ძალით ეცადა რამენაირად შემხებოდა, თუმცა შემდეგ მითხრა: “- ცუდი გოგო ხარ!” და გავიდა ოთახიდან.
ამ დროს 12 წლის ვიყავი. ვერ ვხვდებოდი ზოგადად რა ან რატომ ხდებოდა, ან ცუდი გოგო რატომ ვიყავი, მაგრამ ის, რომ ფაქტი არ მომწონდა, ზუსტად ვიცოდი.

როცა სახლში ვაპირებდი წამოსვლას და ვიცვლიდი ან რაღაცისთვის მიწევდა ოთახში შესვლა, შემოდიოდა, ისევ ცდილობდა მკერდზე, გინეტალიებზე შემხებოდა და სულ იმას მიმეორებდა: “- მიდიხარ და მარტო მტოვებ, არ მინდა რომ წახვიდე”.
მაშინ დავიწყე წონის მატება და მახსოვს, ერთხელ თქვა,როგორ მოიმატა, ეს რა არისო. თითქოს რაღაც ტრიგერივით იყო, ანუ წონაში მოვიმატე და აღარ მოვწონვარ, შესაბამისად, რაც უფრო მეტს მოვიმატებ, მით უფრო აღარ მოვეწონები და აღარ შემეხება მეთქი, ვიფიქრე ( ეს 20+ ასაკში გავაცნობიერე). მას შემდეგ დავიწყე არანორმალურად მატება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მომინდა დაკლება, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ შუა გზაში ვჩერდებოდი – არ მასვენებდა აზრი, რომ თუ ისევ ნაკლები ვიქნებოდი წონით, მსგავსი შემთხვევის ალბათობა დიდი იქნებოდა.

საკმაოდ დიდი თერაპიული მუშაობის შემდეგ ნელ-ნელა დასტაბილურდა ეს პრობლემა, თუმცა იქამდე კვებითი აშლილობა (კონკრეტულად ბულემია) იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი.

დროის გასვლასთან ერთად და საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ ვუთხარი დედას და თავისთავად, საკმაოდ მძაფრი რეაქცია იყო მისი მხრიდან, ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა იმ ადამიანთან.

დაიცავით თქვენი ბავშვები, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ტოვებთ, ყველაზე ახლო ადამიანებმაც კი შეიძლება იძალადონ.

ასწავლეთ, რომ მათი სხეული არის მხოლოდ მათი და მათი ნებართვის გარეშე არასდროს და არავის აქვს უფლება შეეხოთ.

აგრძნობინეთ, რომ თუნდაც მთელი სამყარო იყოს მათ წინააღმდეგ, თქვენ უპირობოდ მათ მხარეს იქნებით, როცა ეს საჭირო იქნება.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️

#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze