ასტანას სასამართლომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს, მეუღლის – სალტანატ ნუკენოვას წამებისა და მკვლელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნო წამებისა და უკიდურესი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით.

ბიშიმბაევის ბიძაშვილს, ბაქიტან ბაიჟანოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი 31 წლის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიშინბაევმა სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა, ეჭვმიტანილმა ასევე დანაშაულის დამალვა და კვალის არევა სცადა. ნუკენოვა ცემიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

აღნიშნულმა შემთხვევამ, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ყაზახეთსა და მეზობელ ქვეყნებში, რადგან ყაზაზეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სასამართლო მიკერძოებულად მუშაობს, მაღალჩინოსნებს ჯერ კიდევ აქვთ საკუთარი ძალაუფლების იმედი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რამდენიმე თვე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.