
“ბოლო რამდენიმე წელია ყველა მიდის საქართველოდან. მათ შორის ჩემნაირი ადამიანებიც, რომლებსაც მოთმინებისა და შრომის შედეგად მიღწეული დიდი და პატარა ცვლილებების სჯეროდათ.
28 წლის ასაკში გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა. თუმცა, არც ისე მარტივი იყო. 2021 წლის ზაფხულში, ჰომოფობიის მასობრივმა ტალღამ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს გადაწყვეტილებას.
მანამდე, 5 წელი ვმუშაობდი თერაპევტად. ვსწავლობდი იმას, რაც მომწონდა.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რამეს აკეთებდე ცხოვრებაში და სასურველია ეს იყოს ის, რაც მოგწონს, რისიც გჯერა და გსიამოვნებს. მე ვეცადე და მართლაც ასეთი იყო ჩემი რეალობა. უბრალოდ, მიზეზები, რომლებიც გახვედრებს, რომ წასვლის დროა, წლები გროვდებოდა.
სამწუხაროდ, საქართველოში აღარ დარჩა ადგილი, სადაც ჰომოფობური, ქსენოფობური ან ნებისმიერ განსხვავებულობის ნიშნით ფობიური აგრესია არ მძვინვარებს. საკმაოდ მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება, რომ არათუ ეკლესია და სახელმწიფო უწყობდნენ ხელს ამ ყველაფერს, არამედ ჰომოფობიამ პიროვნული ურთიერთობების დონეზეც, პირად შრეებშიც შემოაღწია.
2021 წლის ზაფხული ალბათ ბევრ ქართველ ქვიარს მწარედ ახსოვს. უმწეობისა და დაუცველობისგან გაქცევა ვცადე და ბათუმში წავედი. ივლისის ბოლოს ერთი ღონისძიება იყო, სადაც ჩემი და ჩემი პარტნიორის საყვარელი არტისტი უკრავდა. დღის ბოლოს, ჩვენს თვალწინ სცემეს ეს დიჯეი, საყურის გამო. ტელევიზიით ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ ფიზიკურ დონეზე არასდროს განმიცდია. რაღაცნაირად, ის მოხდა, რისიც სადღაც ყველას გვეშინია – თუ სხვის ჩაგვრაზე ხმას არ ამოვიღებთ, ერთ დღესაც ჩვენც რომ მოგვადგებიან.
ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო. 2019 წელს წამოვედი სამსახურიდან, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბევრი რამ ვისწავლე და დღემდე მადლიერი ვარ, თუმცა ჩემი წამოსვლის მიზეზი ის უსამართლობა გახდა, რაც ჩემი კოლეგის და მეგობრის მიმართ დაუშვეს. საბოლოოდ, ამბავი ასე გავრცელდა, რომ სამსახურში ტატუებით, პირსინგებითა და ფერადი თმით სიარულის, საკუთარი სტილის გამოხატვის გამო დისკომფორტს უქმნიდა კლიენტებს (ბავშვების მშრობლებს, რომლებსაც თერაპიაზე დაჰყავდათ ბავშვები) და ამ იმიჯით სხვაგან უნდა მოეძებნა სამსახური. ეს, რა თქმა უნდა, მოკლე და ოფიციალური ვერსიაა იმ ყველაფრის, რასაც მანამდე შევსწრებივარ.
მაგალითად, ამავე სამსახურში, სხვა კოლეგებთან ხშირად მომსვლია კამათი. ერთ-ერთი მათგანის პოზიცია იყო, რომ თავის შვილს გეი მასწავლებელთან/თერაპევტთან არ ატარებდა. ამ და სხვა ბევრი მიზეზის, აზრთა სხვადასხვაობის გამო მივხვდი, რომ ჩვენ ფასეულობებში განსხვავებები იყო. გავიაზრე, რომ სამუშაო გარემოს მხოლოდ მე ვერ შევცლიდი, ამასთან შეგუება კი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ამიტომ ამ სამსახურიდან საბოლოოდ წამოვედი.
კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებდი, უნივერსიტეტში, მაგისტრატურის პირველივე დღეს ლექციაზე მივედი თუ არა, დისკუსია დამხვდა გაჩაღებული – იყო თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა. მაშინვე პროტესტი გამოვთქვი არამეცნიერული და ჰომოფობური პოზიციების გამო. აზრები გავამყარე არგუმენტებით, რაზეც უნივერსიტეტის პროფესორმა მიპასუხა, რომ აშლილობის კლასიფიცირება რაღაც მხრივ პოლიტიკური საკითხია და დიაგნოზების როგორც გაუქმება, ისე ხელახლა აშლილობად მიჩნევაა შესაძლებელია.
ჰომოფობ კურსელებსაც მეტი რა უნდოდათ და მთელი ლექცია მსგავსი თემების არასწორ, ჰომოფობიურ განხილვას ეთმობოდა. მაგისტატურის ორმა წელმა ისე გაიარა, ან კომუნიკაციისგან თავს ვიკავებდი, ან მხოლოდ წყაროებით დადასტურებულ მოსაზრებებს ვამბობდი, რადგან პირადი აზრის გახმოვანება ძალიან საფრთხილო იყო ამ მტრულ გარემოში.. ცოტა ხნის წინ ჩამომიტანეს დიპლომი. წითელ ყდაში, ოქროსფერი წარწერებით. პროტესტის ნიშნად, ტუალეტში დავდე, სურათი გადავუღე და ფოტო სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე. არც სწავლის, არც ღირებულებების თვალსაზრისით ამ უნივერსიტეტში სწავლამ არაფერი მომცა, ვფიქრობ, სამართლიანად მოვიქეცი.
ასეთი ათობით ისტორია შემიძლია მოვყვე და უფრო მეტის მოყოლა შეუძლია ჩემს პარტნიორს, ამიტომაც საბოლოოდ მივხვდით, რომ არც ფიზიკურად, არც მენტალურად უსაფრთხო აღარ იყო საქართველოში ცხოვრება და წასვლის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. რთული იყო, მაგრამ მოგვიწია სახლის, შინაური ცხოველების, სამსახურების, მეგობრების დატოვება. ბევრი ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია. თუმცა, ჩვენი მეგობრები, რომლებიც მანამდე წავიდნენ, გვეხმარებოდნენ ყველაფერში. გვქონდა რაღაც კონკრეტული საბუთები, რაც აღწერდა იმ ფიზიკურ და მენტალურ ზიანს, რაც სხვადასხვა მიზეზით მიგვიღია საქართველოში და ეს ყველაფერი თავშესაფრის ძიების დროს გამოგვადგა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც ჩვენს მეგობრებს დაცვა “ოჯახების რიგში” არ უშვებდა, რადგან ორი კაცი ოჯახად არ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია. ჩვენ საკმაოდ სწრაფად გავიარეთ გარკვეული სახის პროცედურები, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამ ყველაფერი რამდენიმე თვით შეაჩერა.
რაც შეეხება სწავლას – მე უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჩემი პარტნიორი კერძო, მუსიკალურ სკოლაში. მუშაობას ჯერ ვერ ვუთავსებ, პატარ-პატარა მოხალისეობის გამოცდილებებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, სიმშვიდეს, დაცულობასა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დამყარებასაც სჭირდება დრო და ახლა ზუსტად მაგ პროცესში ვარ. ვსწავლობ, ვფიქრობ და ჩემს თავზე ვარ კონცენტრირებული.
საქართველოდან ბევრი ადამიანი მოდის აქ და ახალ ცხოვრებას იწყებს. პროცედურების თვალსაზირისით, სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება, თუმცა მთლიანობაში, აქ გაქვს შანსი შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
აქაურობამ ძალიან შემაყვარა თავი, “ცუდ ამინდებსაც” კი პოზიტიურად ვუყურებ. ერთი სიტყვით, აქ ხომ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ და მეც მივიღე ისეთი, როგორიც არის.
Fun fact: ბელგია, ყოველ შემთხვევაში მისი სამხრეთ ნაწილი ცოტა გურიას, ან სამეგრელოს წააგავს ბუნებით, ეზოებითა და თხილებით. იმედია, ოდესმე იმ მსგავსებასაც დავინახავ, რომ საქართველოშიც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ხელი მიუწვდებოდეს საბაზისო მოთხოვნილებების და ცოტა უფრო მეტის დაკმაყოფილებაზე.”
– ნამი.
მასალა შექმნილია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) პროექტის ფარგლებში – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ საქართველოში” (BREN), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. მასალაში გაჟღერებული განცხადებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს IWPR-ის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებებს
