„გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ, საქართველოში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს განიცდის, ყოველ მესამეს დეპრესიის ნიშნები აწუხებს, ხოლო სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.

ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები ამბობენ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის ქონის შემთხვევაშიც, მათთვის სპეციალისტთან ვიზიტის მთავარი ბარიერი კონსულტაციის საფასური და მედიკამენტების მაღალი ფასებია. გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში შესაბამის ექიმთთან ვიზიტი დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათ ამის რესურსი ამ ეტაპზე არ აქვთ.

სამწუხაროდ, ფინანსურ კრიზის ასევე ემატება სტიგმა და სტერეოტიპები, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს. “სტუდენტების უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ საზოგადოების აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები „გიჟების“ ექიმები არიან (73%).”

საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული სერვისები ძირითადად მძიმე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობას მოიცავს. საწყის ეტაპზე, პრევენციისთვის განკუთვნილი თერაპიები სამწუხაროდ არ ფინანსდება, ნაკლებად ხელმისაწვდომია სარეაბილიტაციო პროგრამებიც.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფინანსურ რესურსთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს აუცილებელია ამ თემაზე ღიად საუბარი. მენტალური პრობლემების ქონა სამარცხვინო არ არის; არ შეიძლება სამარცხვინო იყოს ის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ეხება.