
…”გოგოს აქვს უფლება, გიპასუხოთ, რომ აქვს უფლება,
ჰქონდეს ასეთი სახე.
იქნებ უბრალოდ სახლში დარჩა
ბედნიერი გამომეტყველება,
იქნებ ჩქარობდა და უბრალოდ დაავიწყდა,
აქ მოსვლამდე ვინმე შეეყვარებინა.
და როცა ზაფხულის მდუღარე მზეში
მარტო დგას ხიდზე,
ნუ მიხვალთ მასთან არაფრისფერი უნიფორმით
და ასეთი ტონით ნუ მიახლით კითხვას,
რატომ უგავს თვალები დამდნარ თაფლის წვეთებს,
რატომ უგავს თითები მოცახცახე ფრთისწვერებს.”
…
#Femwiki
ლია ლიქოკელი ქართველი ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც გამორჩეული წერის მანერა, გულახდილობა და გულწრფელობა გამოარჩევს ყველა სხვა მწერლისგან. ამბები გოგოებზე, მებრძოლ და ბრძოლაში დაღლილ ქალებზე; ადამიანური გრძნობების გაშიშვლება და წარსულის ისტორიების გახსენება – შეუძლებელია მის ნაწერებში საკუთარი თავი არ იპოვოთ. და თუ გრძნობთ, რომ მნიშვნელობა დაკარგეთ, ქუჩაში მარტო სიარულით კი მთელი წლის სამყოფ ენერგიებს აგროვებთ, გზად ლია ლიქოკელის ლექსების კრებული “გოგოობის კანონი” შეგიძლიათ წაიკითხოთ. “ახლა უნდა მეყოს ძალა და შუა გზაში არ გამითავდეს ჩემი თავი“ – ეს ფრაზა კი მისი ლექსიდან განუწყვეტლივ უნდა იმეოროთ, ჩვენ ხომ საკუთარი თავები გვჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად.
“მე გავიზარდე ძალიან პატრიარქალურ გარემოში, სადაც ყველაფერი დალაგებულია თავის ადგილას. შეიძლება ამაზე არავინ ყვიროდეს, არავინ გირტყამდეს, მაგრამ ეს სამყარო ღიად გამოხატული ძალადობის გარეშეც ძალადობს. სულ მინდოდა შეემჩნიათ, რომ მე ვარსებობ. იქნებ ამიტომაც დავიწყე წერა. მახსოვს, როცა ჩვენთან ნათესავები მოდიოდნენ, მინდოდა მათ ვყვარებოდი, როგორც მე – ადამიანი, მე შევემჩნიე. მაგრამ აქ ხომ ასეა: „მისი“ გოგო – იტყვიან, ანუ მამის სახელს იტყვიან და – მისი გოგო, და არა კონკრეტულად ლია. და საერთოდაც, მთელი ცხოვრება „ვიღაცის გოგო“ უნდა იყო. დღეს კი იმ ადამიანებმა იციან ლია. მე აღარ ვარ ვინმეს გოგო.” – ნაწყვეტი ინტერვიუდან – “ქალები საქართველოდან Women of Georgia”
