გსმენია, “რად გვინდა პრეზერვატივი!” პრაქტიკის შესახებ?

ეს არის პრაქტიკა, როდესაც ერთ პარტნიორს არ სურს პრეზერვატივის გამოყენება და ცდილობს, მეორე პარტნიორი დაარწმუნოს, დაუცველი სექსის აუცილებლობაში. ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული 300 კაციდან 80%-ს ცხოვრების ეტაპზე ერთხელ მაინც უთქვამს უარი პრეზერვატივის გამოყენებაზე.

‍♀️“რად გვინდა პრეზერვატივი!” პრაქტიკის სხვადასხვა სტრატეგია არსებობს, რომელიც ორ ძირითადად კატეგორიად იყოფა: მანიპულაციური და იძულებითი – ორივე მათგანი ზეწოლის სხვადასხვა დონეს მოიცავს.

არაიძულებითი ტაქტიკა ეყრდნობა არგუმენტებს, რომლებიც შეიძლება გარკვეულ წილად გონივრული ან თქვენდამი ზრუნვის გამომხატველი დამოკიდებულება გეგონოთ, მაგრამ რეალურად მიზანი ერთია – ზეწოლა მოახდინონ თქვენზე, უარი თქვათ დაცულ სექსუალურ კავშირზე.

მაგალითად, ამ დროს ხშირად ამბობენ:

• “არანაირი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ან ინფექცია არ მაქვს”;

• “პრეზერვატივის გარეშე სექსი უფრო მსიამოვნებს”;

• “ეს ზომა არ მერგება”;

იძულებითი ტაქტიკის დროს, ხშირია ემოციებით მანიპულირება, პარტნიორისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ პრეზერვატივის გამოუყენებლობის გასამართლებლად. ასევე, ამ დროს ხშირია ძალადობრივი მეთოდებიც, როდესაც ერთი პარტნიორი ფიზიკურად აიძულებს მეორეს არ გამოიყენოს პრეზერვატივი.

ძალადობრივი ტაქტიკის დროს, ხშირია ე.წ. “სთილსინგის” პრაქტიკაც, როდესაც პარტნიორი პრეზერვატივს სექსუალური აქტის დროს იხსნის ან სპეციალურად აზიანებს და ამის შესახებ მეორე პარტნიორს არაფერს ეუბნება.

ის ფაქტი, რომ 300 გამოკითხული მამაკაციდან 80%-მა აღიარა, რომ ამ სტრატეგიებიდან ერთ-ერთი მაინც უცდია ცხოვრების განმავლობაში, ცხადყოფს, თუ რამდენად გავრცელებულია ე.წ. ტოქსიკური მასკულინური მენტალიტეტი საზოგადოებაში. ამ დროს, უგულებელყოფენ სხვის პირად სივრცეს, პრიორიტეტს ანიჭებენ პირად სიამოვნებას, არ აინტერესებთ პარტნიორის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს თან ახლავს მოტყუება და იძულება, არღვევს ურთიერთობებში პატივისცემისა და თანხმობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს არა მხოლოდ კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს ურთიერთნდობას, არამედ შეიძლება ხანგრძლივი ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს მეორე ადამიანს. ასევე, საფრთხე შეუქმნას პარტნიორის ჯანმრთელობას ინფექციების, არასასურველი ორსულობის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის ალბათობის გაზრდით.

ჯანმო-ს ბოლო კვლევების მიხედვით, ევროპაში მცხოვრებ ახალგაზრდებში საგრძნობლად შემცირებულია პრეზერვატივის გამოყენება. ანგარიშის მიხედვით, 15 წლის ბიჭების 39%-ს და გოგონების 43%-ს, რომლებსაც ჰქონიათ სქესობრივი კავშირი, არ გამოუყენებიათ პრეზერვატივი ბოლო სქესობრივი კონტაქტის დროს.

აღნიშნული პროცენტები მიუთითებს, რომ ახალგაზდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პრეზერვატივის გამოყენების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე.

სწორედ ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი ადრეულ ასაკში ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ სქესობრივ განათლებაზე. განათლება არის ის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია უზრუნველვყოთ უსაფრთხო, ჯანსაღი კომუნიკაცია და ურთიერთობა პარტნიორთან.

ილუსტრაცია: @jannedaba