
დედის რძე იდეალური საკვებია ჩვილებისთვის, თუმცა ჯანმოს ცნობით, 3-დან თითქმის 2 ბავშვი არ იკვებება ძუძუთი რეკომენდებული ექვსი თვის განმავლობაში და ეს მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
გაეროს კვლევის მიხედვით, ჩვილების ხელოვნური საკვების კომპანიები სოციალური მედიის პლატფორმებსა და ინფლუენსერებს გარკვეულ თანხას უხდიან, რომ პირდაპირი წვდომა მიიღონ ორსული ქალებისა და დედების აუდიტორიასთან და ეს მაშინ ხდება, როცა ისინი ყველაზე მოწყვლადები არიან. ძირითადად ეს ხორციელდება პერსონალიზებული კონტენტის საშუალებით და მომხმარებელი შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდეს, რომ რეკლამაა.
ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ ამგვარი მარკეტინგული მიდგომა ზრდის დედის რძის შემცვლელების შესყიდვებს, რაც უარს ათქმევინებს დედებს ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე.
ქალის რძე საუკეთესო, სტერილურ და ცოცხალ ბიოლოგიურ საკვებად მიიჩნევა, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. ასევე, ძუძუთი კვება სასარგებლოა დედებისათვისაც. იგი იცავს დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან, აგრეთვე ამცირებს სარძევე ჯირკვლების და საკვერცხის სიმსივნური დაავადების რისკს.
ჯანმო მოუწოდებს ბავშვთა ხელოვნური კვების კომპანიებს შეწყვიტონ ჩვილების ხელოვნური კვების პროდუქტების ექსპლუატატორული მარკეტინგი და მოუწოდებს მთავრობებს, რომ სათანადო მონიტორინგით შეწყდეს ე.წ. რძის ფორმულის პროდუქტების ყველანაირი რეკლამა ან სხვა სახის პოპულარიზაცია.
წყარო: netgazeti
