ეგო დალასი, მხატვარი, კრეატორი, ყოფილი ქვიარ აქტივისტი.

“მას შემდეგ, რაც ჩემი თავი მახსოვს, საქართველოდან წასვლაზე სულ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მქონდა ადამიანებთან ურთიერთობა, ვიკრიბებოდით ხშირად, მათ შორის ქვიარ თემთან, მათი არასდროს მესმოდა. თითქოს მე და ადამიანები სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. ვმუშაობდი, ჩემი საქმე მქონდა, სოციალურად აქტიურად ვცხოვრობდი, მაგრამ საზოგადოების არცერთ ჯგუფთან, თუ წევრთან თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი.

მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის გარკვეული თანხა მომეგროვებინა. სწორედ აქ წავაწყდი პირველად სირთულეს. თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ საქართველოში ქვიარ თემის წარმომადგენლებს დაბალი ხელფასები აქვთ და ასევე იმ ფაქტს, რომ ოჯახთან ერთად აღარ ვცხოვრობდი, ანუ დამოუკიდებლად მიწევდა არსებობა, წასასვლელად გარკვეული თანხის შეგროვება არ აღმოჩნდა მარტივი. როცა უკვე მივხვდი, რომ მზად ვიყავი ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დამეწყო, ასეც მოვიქეცი და ზუსტად ოთხი წლის წინ, ბელგიაში გადმოვედი საცხოვრებლად.

ჩამოვედი ბელგიაში და ისევე როგორც ყველა, მეც ვითხოვდი ამ ქვეყანაში თავშესაფარს. ამისთვის რამდენიმე ინსტანციის გავლა იყო საჭირო. პირველი ეტაპი, განსაკუთრებულად სტრესული იყო. უამრავი ადამიანი დგას რიგში და ხვდები, რომ ან გაგიმართლებს, ან არა, ან მოგცემენ თავშესაფარს, ან ქუჩაში აღმოჩნდები. ჩემს შემთხვევაში, ამ ყველაფერს კორონავირუსის პირველი ტალღაც დაემატა. დაახლოებით, წელიწად ნახევარი ველოდებოდი სტატუსის აღებას. ამ პერიოდში მომიწია იქვე ახლოს, სოფელში ცხოვრება და ეს ეტაპიც განსაკუთრებულად რთულად მახსენდება. იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების დაცვის არცერთ სტანდარტს. პირდაპირ და უხეშად არღვევდნენ ჩვენს უფლებებს, აღგვიქვამდნენ როგორც ნივთებს და გვაშინებდნენ, რომ თუ აქედან წავიდოდით ვერ შევძლებდით სტატუსის მიღებას. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვიპოვე – წამოვედი და ქუჩაში დავიწყე ცხოვრება.

ქუჩაში ცხოვრება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან პანდემიის პირველი ტალღის დროს, ისევე როგორც ყველგან, ბრიუსელშიც თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, პოლიციაც კი არ აჩერებდა, როცა რამის კითხვა მჭირდებოდა და არც მე ვიცოდი მაშინ, სად ან როგორ მეპოვა გამოსავალი. ერთ დღეს, შემთხვევით, ქვიარ ადამიანმა დამინახა ფანჯრიდან, იმ ქუჩაზე ხშირად მიწევდა სიარული და მკითხა, რატო დავდიოდი იქ. მეც მოვუყევი ყველაფერი, გავუზიარე ჩემი ისტორია და მითხრა, რომ შემეძლო მასთან მეცხოვრა იქამდე, სანამ რამეს ვიპოვიდი. დაახლოებით ერთი თვე ვიცხოვრე მასთან. მერე უკვე დამოუკიდებლად მოვახერხე იქაურ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებმაც სოციალური სახლი მიპოვეს. იქ უკვე თავს კარგად ვგრძნობდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი, როგორი ძლიერი ხარ, საიდან სად მოხვედი-მეთქი.
ბელგიაში ჩამოსვლამდე მე უკვე ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა აქ. ხელოვანი ვარ, ვქმნი ნამუშევრებს და უნდა მეცადა, ჩემი შემოქმედება შემოსავლის წყაროდ მექცია. ასეც მოხდა. თავიდან სივრცე ვიქირავე, სადაც ვხატავდი. დღეს ჩემი სახელოსნო მაქვს. უკვე ორი გამოფენა მქონდა და ვფიქრობ, ჩემი სათქმელი მივიტანე როგორც ქვიარ თემთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვისაც აინტერესებს ის, რასაც მე ვქმნი.

სამწუხაროდ, საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა. ქვიარ თემის წარმომადგენლებისთვის კი, განსაკუთრებულად რთულია აქ ცხოვრება. მეც უამრავი პრობლემა მქონდა ჩემი ჩაცმის სტილის, ან თუნდაც პირსინგების გამო. რთულია სამსახურის პოვნა, ფაქტობრივად შეუძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, რადგან ვიღაც აუცილებლად მოგაყენებს ფიზიკურ შეურაცხოფას, გვიან ღამით ქუჩაში გასეირნებაც კი შეუძლებელია.

არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნები, რომელ ქვეყანაში. ყოველთვის უნდა ეცადო იყო ნამდვილი, ის, ვინც რეალურად ხარ და აუცილებლად გაგიმართლებს. ყველას, განსაკუთრებით ქვიარ თემის წარმომადგენლებს ვუსურვებ შინაგან სიძლიერეს. მინდა ყველამ იპოვოს ის შინაგანი წერტილი, რითაც შეძლებს საკუთარი ცხოვრების დიდ არეალზე გადმოტანას. თუ შინაგანი ძალა არ გვექნება, მერე უკვე საკუთარი თავის რეალიზება რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მარტივი გზა გავიარე, დღევანდელი შედეგის მისაღებად ღირდა ეს ყველაფერი. არასდროს არის გვიანი იპოვო და აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და გიყვარს.”

მასალა შექმნილია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) პროექტის ფარგლებში – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ საქართველოში” (BREN), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. მასალაში გაჟღერებული განცხადებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს IWPR-ის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებებს.