
ეკატერინე გაბაშვილი – მწერალი, ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე. #FemWiki
ეკატერინე გამოირჩეოდა საგანმანათლებლო საქმიანობით. იყო კერძო მასწავლებელი და საკუთარ სახლში უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. მისი “შინაური სკოლის” მოსწავლეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ სკოლის გახსნის აუცილებლობა დადგა, რასაც შეესხა კიდეც ხორცი ეკატერინეს დიდი ძალისხმევით.
⭐️ ეკატერინე აქტიურად თანამშრომლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან. იბრძოდა ქალებში განათლების გავრცელებისათვის. დააარსა “ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება”, რის მეშვეობითაც გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, სადაც ღარიბ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ხელსაქმესა და სასკოლო საგნებს.
ეკატერინე მისდევდა მწერლობასაც. წერდა სოციალურ საკითხებზე, განსაკუთრებით ქალთა პრობლემებზე. მონაწილეობდა საბავშო ჟურნალებისა და სახალხო ბიბლიოთეკების დაარსებაშიც, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ თეატრს.
ეკატერინეს ლიტერატურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელი შეუშალა ქორწინებამ. 11 შვილიდან ექვსი გარდაეცვალა. მოგვიანებით იგი წერდა: “დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა.”
⭐️ მიუხედავად ამისა, ეკატერინეს საყვარელი საქმის კეთება არ შეუწყვია. 80-იან წლებში იგი კვლავ გამოჩნდა ახალი მოთხრობებით, რომლებმაც მას, როგორც მწერალს, სახელი გაუთქვა.
