
ვენუს უილიამსი 42 წლის ამერიკელი ჩოგბურთელია, რომელმაც თავის დასთან, სერენასთან ერთად სპორტისა და ჩოგბურთის მნიშვნელობა თავიდან განსაზღვრა თავისი განსაკუთრებული სიძლიერითა და ნიჭიერებით. #femwiki
ვენუსი პირველად ფართო საზოგადოების წინაშე ლოს-ანჯელესის კორტებზე გამოჩნდა. 1994 წელს ის პროფესიონალი მოთამაშე გახდა და მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მას განსაკუთრებულად ძლიერი ჩაწოდება და ბურთის მიღების გასაოცარი სიჩქარე ჰქონდა. 1997 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტი გახდა, 2000 წელს მოიგო უიმბლდონიც და აშშ-ის ღია პირველობაც, 2001 წელს კი წარმატებით დაიცვა ტიტული.
მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი ოლიმპიურ თამაშებს უჭირავს. 2000 წელს სიდნეიში უილიამსმა ოქროს მედალი ერთეულთა შეჯიბრში მოიპოვა. 2008 წელს კი დებმა უილიამსებმა მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი წყვილებში მოიპოვეს, ამჯერად უკვე პეკინში. მომდევნო წელს ისინი კვლავ შეხვდნენ უიმბლდონის ფინალში, თუმცა ამჯერად სერენამ გაიმარჯვა.
ტრავმების გამო, ვენუსი აქტიურად აღარ ჩნდებოდა კორტზე, თუმცა 2016 წელს 49-ე ტურნირი მოიგო. ის დიდი სლემის ერთეულების ფინალში 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობამდე არ დაბრუნებულა, თუმცა ეს თამაში სერენასთან წააგო.
როგორც თვითონ ამბობს, ჩოგბურთიდან წასვლას არ აპირებს და გააგრძელებს იმ საქმეს, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად უყვარს.
“არ უნდა დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა მაშინაც კი, როცა თქვენი არავის სჯერა. მხოლოდ ასე შეძლებთ გამარჯვებას”.
