ირმა პავლიაშვილი: ვის ეშინია კვოტების საქართველოში

რა ხდებოდა კვოტებამდე

“პოლიტიკაში თანასწორობა ყველა სხვა სფეროში თანასწორობას ნიშნავს. თუ თანასწორობა არ არის იქ, სადაც კანონშემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკის კეთების დროს თუ არ არის თანასწორი ხედვა ადგილზე, თუ აქ არ ესმით, რა სჭირდებათ ქალებს, ვერც სხვა სფეროებში გვექნება პროგრესი.

„თასქ ფორსი“ 2014 წლიდან შეიქმნა. ბუნებრივად გავერთიანდით. იმ პერიოდში საინტერესო ძვრები იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით. მართალია, გენდერული კვოტა არ არსებობდა, მაგრამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, განისაზღვრებოდა ფინანსური დანამატი იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც პროპორციულ სიაში ქალებს გარკვეული პროცენტით ჩასვამდა. თუმცა ეს ვერ აგვარებდა პრობლემას. ქალებს სიებში სვამდნენ, მაგრამ მანდატებს არ აძლევდნენ. ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას კი პარტია თავისი შეხედულებისამებრ ხარჯავდა, მაგალითად, ლიდერების ხელფასებზე და არა ქალების გაძლიერებაზე. შესაბამისად, ვიღებდით უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს – ქალებს ვერც მაჟორიტარ კანდიდატებად შეხვდებოდით, ვერც პროპორციულ სიებში და ვერც პარტიულ წამყვან პოზიციებზე. ეს კი მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესების შიდაპარტიულ საყრდენს სწორედ ქალები წარმოადგენდნენ. ისინი გადიოდნენ ველზე, წარმართავდნენ „კარდაკარის“ პრინციპით ჩატარებულ სამუშაოებს, ახდენდნენ ამომრჩევლის მობილიზებას და მნიშვენელოვან როლს ასრულებდნენ ადმინისტრაციულ საქმიანობაშიც.

პოლიტიკოსებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. „ქალს რომ დავუთმოთ ადგილი, ჩვენ სად წავიდეთ?“ იმ პერიოდში არაერთი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა და მნიშვნელოვანი საკითხები დადგა დღის წესრიგში. თუმცა კითხვა – რას ვაკეთებდით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად – უპასუხოდ რჩებოდა.
ამავდროულად, კვლევები აჩვენებდა, რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად უჭერდა მხარს ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდას. მოგვიანებით, კვოტების საკანონმდებლო ინიციატივისთვის 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება შევძელით და პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, თუმცა კვოტის საარჩევნო კოდექსში ასახვას მაშინ 10 ხმა დააკლდა. საზოგადოება ყოველთვის უფრო პროგრესულად ფიქრობს საქართველოში, ვიდრე პოლიტიკოსები, რაც იმ პერიოდში ძალიან კარგად გამოჩნდა.

საინტერესო შედეგები დაგვანახა კვლევამ, რომელიც მე და ნინო დოლიძემ 2016 წელს ჩავატარეთ. გამოიკვეთა, რომ კანონპროექტები, რომელიც ინიცირდებოდა ქალების მიერ და მათი ჩართულობით, ძირითადად, ეხებოდა ქალთა და ბავშვთა უფლებებს, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო საკითხებს, და უფლებრივ ჭრილში, სწორედ თანასწორობის იდეას და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურებოდა. აღმოჩნდა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში, არცერთი ქალი დეპუტატი არ იყო, რომელსაც ერთხელ მაინც არ ესარგებლა პოლიტიკური პლატფორმით. კაცი – რამდენიც გინდა.”

„თასქ ფორსის“ შექმნა და გენდერული კვოტები

“რადგან პოლიტიკურ პროცესში, ქალთა მონაწილეობა და ქალთა უფლებები არასოდეს იდგა დღის წესრიგში, და გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას ყოველთვის მეორეხარისხოვან საკითხად თვლიდნენ, შევიკრიბეთ ჩვენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე ადამიანები, უფლებადამცველები, აქტივისტები და ვთქვით, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. უნდა შექმნილიყო გუნდი, რომელიც, ერთი მხრივ, საკანონმდებლო კუთხით მოამზადებდა ცვლილებებს, არსებული პრაქტიკების გათვალისწინებით. საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად, შემუშავდებოდა პრინციპები, რომელიც შემდგომ საარჩევნო კოდექსში უნდა ასახულიყო. და მეორე მხრივ, მოიკვლევდა საზოგადოებრივ განწყობებს და ამასთანავე, აწარმოებდა კამპანიას საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები, მაგალითად, NDI, IRI და გაეროს წარმომადგენლები ატარებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულებები გაგვეზომა. გამოსავლად გვესახებოდა გენდერული კვოტა, როგორც დროებითი მექანიზმი. რათა პოლიტიკურ სივრცეებში ესწავლათ ქალებთან ერთად მუშაობა და პოლიტიკა არ დარჩენილიყო კაცებით დომინირებულ სფეროდ. გენდერული კვოტების ადვოკატირებას, შეიძლება ითქვას, 10 წელი დასჭირდა.

2017 წელს, ცვლილებებს საკონსტიტუციო რეფორმა დაედო საფუძვლად და ერთი მხრივ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და მეორე მხრივ, საზოგადოების დაკვეთის კონსტიტუციურ პრინციპად სათარგმნად, მეთერთმეტე მუხლში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს არსებით გენდერულ თანასწორობას და დანერგოს შესაბამისი მექანიზმები. 2017 წლის შემდეგ, დაახლოებით 3 წელი კიდევ დაგვჭირდა, რომ 2020 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად, სავალდებულო კვოტა საარჩევნო კოდექსში ასახულიყო, როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში.”

კვოტების მიღებიდან გაუქმებამდე

“გენდერული კვოტების ადვოკატირების დაწყების პერიოდში, მაშინდელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებდა. მაშინ ჯერ კიდევ სხვა პირები იყვნენ ჩართული პროცესში. ისინი აცნობიერებდნენ კვოტების მნიშვნელობას. 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, გარკვეულწილად, მათი ინიციატივა იყო ის, რომ კვოტები საარჩევნო კოდექსში ასახულიყო.

ძალიან საინტერესო იყო ამ წლებში პოლიტიკაზე დაკვირვება, თუ როგორ შეიცვალა ,,ქართული ოცნება” და მისი დამოკიდებულება უფლებების მხრივ. როგორ გააუარესა ყველა ის აქტი და კანონი, როგორ დაარღვია ყველა ის პრინციპი, რომელსაც თავადვე უჭერდა მხარს.

პირველი დარტყმა „რუსული კანონი“ იყო, რომელიც 2023-ში დააინიცირეს და შემდეგ – გაიწვიეს. მოგვიანებით უკვე „გირჩის“ ინიციატივას დაუჭირეს მხარი კვოტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამას მოყვა „რუსული კანონის“ დაბრუნება, შემდეგ ლგბტ თემატიკის წამოწევა. მათ მთელი რიგი უფლებრივი პრინციპების უგულებელყვეს, რომლებზეც წლები თავად მუშაობდნენ. საინტერესოდ ჩანდა ეს ყველაფერი ევროკავშირში გაწევრების ჭრილშიც. მეცხრე რეკომენდაცია სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებს ეხებოდა. სამი შესრულებული რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.

გენდერულმა კვოტამ, დაახლოებით, ერთი არჩევნები იმუშავა. ამ არჩევნების შედეგად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის რადიკალური ზრდა ვნახეთ. ვნახეთ, როგორ გაიზარდა პროპორცია. ამავე პერიოდში კიდევ ნათლად გამოჩნდა – რომ არა ეს სავალდებულო მექანიზმი, პოლიტიკური პარტიები ქალებს საერთოდ არ ჩასვამდნენ სიებში, რადგან მაჟორიტარების ნაწილში, ქალები კვლავ არ იყვნენ ნომინირებული. ამიტომ იყო კვოტების არსებობა და პოლიტიკური პარტიების მიერ კვოტების გათვალისწინება ძალიან მნიშვენელოვანი.

მეორე ნაწილი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, იყო პოლიტიკური პარტიების შეცვლილი დამოკიდებულებები. დაიწყეს შიდაპარტიულ დემოკრატიაზე და პარტიის ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებაზე მუშაობა, იმ მექანიზმების გაუმჯობესება, რომლებიც ქალებს მიიზიდავდა პოლიტიკურ პარტიებში და ახალ ლიდერებს გაზრდიდა.

კვოტების გასაუქმებლად არანაირი არგუმენტაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ორი-სამი წინადადება, რომ კვოტამ თავისი როლი შეასრულა და ახლა სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისთვის, მაგრამ ნაბიჯები, რაც გადაიდგა, მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ყველაფერი ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ წავიდა, ყველაფერი გენდერული თანასწორობის საწინააღმდეგოდ წავიდა. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, ქალების პროპორციული წარმომადგენლობას შესანარჩუნებლად.”

ახლა საით წავიდეთ

“რიგი პოლიტიკოსი ქალების პოლიტიკური ცხოვრების გამო, გარკვეულ კრიტიკას ვაწყდებოდით, თუმცა ჩვენი არგუმენტი ყოველთვის იყო ის, რომ როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო, ასეც უნდა მოხდეს, რადგან თუ სიცოცხლე გადასარჩენია, უნდა გადარჩეს. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე და კვოტებზე.

მეორე მხრივ, როცა ქალებს ვეკითხებოდით, რა წინაღობები ხვდებოდათ და რატომ ეშინოდათ პოლიტიკაში ჩართვის, ხშირად ამბობდნენ, რომ არაერთი მაგალითი არსებობდა პირადი ცხოვრებით მანიპულირების, შანტაჟის, მუქარის, ძალადობის, სექსისტური დამოკიდებულების. ამან ნეგატიურად იმუშავა შემდეგ თაობებზეც.

როცა კვოტა გაუქმდა, პოლიტიკურ დღის წესრიგში “რუსული კანონიც” იდგა. პირდაპირ პარლამენტის პლატფორმიდან ხდებოდა პოლიტიკოს ქალებზე ძალადობა. გემახსოვრებათ ეს ფაქტები, რა ტიპის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ქალებს იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური სიტყვა დაეფიქსირებინათ, რა წინაღობის წინაშეც იდგნენ. ეს, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ქრება, და შედეგებიც ვნახეთ, არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის.

გენდერული თანასწორობა ეს ჩვენი – საქართველოს – ბუნებრივი მოცემულობაა. არ არის თავსმოხვეული. პროპაგანდის ნაწილში კი უნდათ, რომ ასე წარმოადგინონ, თითქოს ჩვენ, ქართველები სხვანაირები ვართ და აქ კაცია დომინანტი. გვაქვს ისტორიული მაგალითები, რომელიც ნათელია და ხელის გულზე დევს. ჩვენი პირველი რესპუბლიკის ქალების მაგალითი, დამფუძნებელი კრების მაგალითი, ჩვენი ისტორია და მემკვიდრეობა – ყველაფერი ამაზე მეტყველებს.

თვითცენზურა პოსტსაბჭოთა სინდრომია. თუმცა ახალმა თაობამ და ბოლო მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ ეს ყველაფერი იცვლება და საზოგადოება ხმას იღებს იმ უსამართლობის წინაშე, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, ხალხი იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. არსებობს კრიტიკული მასა. საზოგადოების ზრდამ, მუშაობამ და არაერთმა მოვლენამ, გარკვეულწილად, ეს შედეგი მოიტანა. დღეს ჩვენთვის სწორედ ის ღირებულებები და პრინციპებია მთავარი, რომელიც ადამიანის უფლებებზე დგას.” – ირმა პავლიაშვილი, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის ჯგუფის წევრი, დამოუკიდებელი ექსპერტი.

ფოტო: Dina Oganova – Documentary Photographer