
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გამო, ათასობით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და ისრაელის შიგნით, არეულობა გრძელდება და ბავშვებს მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.
ამ 75 წლიანი კონფლიქტის მთავარი მოწყვლადი ჯგუფი, სამწუხაროდ, ბავშვები, ქალები, შშმ პირები და ხანშიშესული ადამიანები არიან.
მხოლოდ ბოლო ერთ თვეს რომ გადავხედოთ, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, 25 000 კი მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთა შორის, 4 300-ზე მეტი ბავშვია. სამი კვირის განმავლობაში, ღაზაში დაღუპული ბავშვების რაოდენობამ 2019 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ყველა კონფლიქტის ზონაში დაღუპულთა ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა. ოჯახები გლოვობენ არა მხოლოდ საკუთარ დანაკარგებს, არამედ მთელი თაობის დაკარგვას.
ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში დაღუპული ყოველი 5 ადამიანიდან, 2 ბავშვია. დამატებით, 1 000 ბავშვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ისინი ნანგრევებში მოყვნენ. UNFPA-ის განცხადებით, ამ ეტაპზე ღაზაში 50 000 ორსული ქალი ცხოვრობს. დაახლოებით, ასი ბავშვი ევლინება სამყაროს ამ შუაგულ ქაოსში.
❗️პარალელურად, ისრაელში 7 ოქტომბრის შემდეგ, სულ მცირე 1 400 ადამიანი დაიღუპა და 3 800 მძიმედ დაშავდა. 6 ნოემბრის მონაცემებით, “ჰამასმა” მძევლად 240 ადამიანი აიყვანა.
