მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას უკვე ერთი წელია მართავენ. 2023 წლის ოქტომბრიდან, მშენებლობის მოწინააღმდეგები ღამეს კარვებში ათენენ. მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას კანიონი 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა.

ბალდის მაცხოვრებლებს კანიონზე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.

ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქციოს.

11 ივნისს, ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან, დაჭრეს. თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბალდაში მცხოვრები გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წელია მოითხოვენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას.

მეორე დღეს, აქციის ერთ-ერთი წევრი დიკო ბჟალავა პოლიციამ მუქარის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, წინა დღით თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირის მეუღლე მას აბრალებს, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ატრაქციონისა და სანახაობის მოწყობა, მათ შორის, კიდული და საფეხმავლო ბილიკების გაყვანა. მშენებლობის მოწინააღმდეგების აზრით, არსებული ტერიტორიის ჩაბეტონებით კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს. ამ დრომდე, მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის, როდის გააგრძელებს კომპანია სახელმწიფოსგან დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.