მეშვიდე თვეა, რაც უკრანაში ომი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო ყოველდღე უამრავი ამბავი ხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო მოსახლეობას დღემდე ხოცავს და ომი კვლავ გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი საფლავია. უკრაინელები იმსახურებენ ზუსტად იცოდნენ, თუ როგორ დაიღუპნენ იზიუმის მახლობლად ტყეში დაკრძალულები.

ამავე დროს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო გამოხმაურების მიხედვით, ეს იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სავალალო სიტუაციაშია. რუსეთში კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავენ, ამკაცრებენ სასჯელს დეზერტირობისთვის და აწესებენ სასჯელს ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის, მაროდიორობისა და თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შეკვეთის შესრულებაზე უარის თქმისთვის. ამან, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დიდი პანიკა გამოიწვია, ცდილობენ რუსეთის ტერიტორიის დატოვებას.

მოსკოვიდან თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა, გადაიტვირთა ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან გამოქცეული ხალხის მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე ლატვია პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, არ შეიფარებს.