
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყის სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს.
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 წლიანი ლიცენზია გაცემულია უპრეცედენტოდ დიდ ტერიტორიაზე – 104 712 ჰექტარზე, რაც სრულად მოიცავს რაჭის ტყის მასივებს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ტერიტორიებსა და მდინარეებს.
ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მალულად, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და თანხმობის გარეშე მიიღო. ფაქტობრივად მთელი რეგიონი, უზარმაზარი ტყის მასივები, სასარგებლო წიაღისეული და წყლის რესურსები ერთი კერძო, რუსეთთან დაახლოებული ბიზნესმენის საკუთრება გახდა. ადგილობრივ მოსახლეობას კი სრულად შეეზღუდა ტყეებსა და საარსებო გარემოზე წვდომა.
რას ითხოვენ მოქალაქეები?
გაუქმდეს ხიდაშელისთვის გაცემული ლიცენზია;
დაკორექტირდეს და შეეცვალოს რაჭის ნაკრძალს საზღვრები, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ვინ არის დავით ხიდაშელი?
❗ის რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. ევტუშენკოვის კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაშია ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 13 აპრილს, დიდმა ბრიტანეთმა მას სანქციები დაუწესა. ასევე, დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.
