ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც გესმით, თქვენთან ახლოს მყოფი ადამიანი როგორ ახრაშუნებს ჩიფსს, ან სვამს წყალს და ხმაურიანად ყლაპავს, ან უბრალოდ ღრმად სუნთქავს და თქვენ მოუსვენრობა გიპყრობთ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია? ეს ხმები იმდენად გაღიზიანებთ, რომ გიჩნდებათ სურვილი, ადგეთ და გაეცალოთ იქაურობას, ან ხმამაღლა უყვიროთ მას. არ ინერვიულოთ, თქვენ მარტო არ ხართ. ამ ყველაფერს თურმე თავისი მიზეზი აქვს და სამედიცინო ტერმინოლოგიით მიზოფონია ჰქვია.

მიზოფონია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აღიზიანებს სრულიად ბუნებრივი ხმები. ამ ხმების გაგონებაზე კი ეუფლება უარყოფითი ემოციები, გაღიზიანება და სიბრაზე. მიზოფონიით დაავადებული ადამიანების 80%-ს პირიდან გამოცემული ხმები აღიზიანებს: ღეჭვა, ყლაპვა, პირის წკლაპუნი, საღეჭი რეზინის გაბერვა და გახეთვა, ჩურჩული და ა.შ.

მიზოფონია მეტწილად შეუსწავლელი დაავადებაა, რომელსაც სახელი სულ რამდენიმე წლის წინ ეწოდა. ის ოფიციალურ დაავადებათა მრავალ სიაშიც არაა შეტანილი და არც სამედიცინო სახელმძღვანელოებში მოიხსენიება. ექიმების ნაწილს არც კი სმენია მის შესახებ. ამის გამო მიზოფონიის სიმპტომების მქონე პაციენტებს ხშირად ან საერთოდ არ მკურნალობენ, ან არასწორ დიაგნოზს უსვამენ.

თქვენ რისი ხმა გაწუხებთ ყველაზე მეტად?

ილუსტრაცია: Ilya Milstein