რამდენინე ფაქტი იმისა, რომ ხელისუფლებას რუსულ ორბიტაზე გადავყავართ

1️⃣ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, დასავლურმა სამყარომ რუსეთისთვის ცა დახურა. თუმცა, საქართველომ, 4 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. შესრულდა პირველი რეისიც. მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან გაფრთხილებებისა,[“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში”.], საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა მოსაზრება, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, რას იტყვის ევროპა, მთავარია რას გვიბრძანებენ კრემლიდან. “აბა, ომი გინდათ”?

2️⃣ საქართველოს ხელისუფლება, სულ რამდენიმე თვის წინ რუსული კანონის შემოღებას აპირებდა, რითაც მოიპოვებდა ბერკეტს, გავლენა მოეხდინა და სრულად ეკონტროლებინა არასამთავრობო სექტორი, თუმცა სამოქალაქო პროტესტის ფონზე, ეს ვერ შეძლო. 10 მარტს, “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი გაიწვიეს. მიუხედავად გაწვევისა, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე იდგა – დაეკარგა ევროპული განვითარების გზა და დასავლელი პარტნიორები, თუმცა ჯერ კიდევ კანონის განხილვის პროცესში ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მესიჯებით გვარწმუნებდა, რომ კანონი არა რუსული, არამედ ამერიკული მოდელის მაგალითი იყო და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას უცხოელი კოლეგების შეშფოთების წერილებს.

3️⃣ ხელისუფლება იმეორებს რუსული მმართველობის ფორმებს, რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და აქტივისტების დასჯას და დაშინებას მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ ღია პროტესტს გამოხატავენ ხელისუფლების მისამართით. შეგახსენებთ — მიუხედავად იმისა, რომ მარტში მიმდინარე სამდღიანი აქციების დროს, სამართალდამცავებმა არათანაბარი ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღდმეგ, პოლიციამ 135 მოქალაქე დააკავა და მათგან რამდენიმეს ბრალიც წაუყენა. მათ შორის ერთ-ერთი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელსაც გამოძიება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება. მას შემდეგ, რაც დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა ხელისუფლების ნარატივის გავრცელება დაიწყეს და დაკავებულის მისამართით არაერთი დისკრიმინაციული ინფორმაცია გააჟღერეს. “ურჩი” მოქალაქეების დასასჯელად ასეთ მეთოდებს მიმართავენ რუსეთშიც.

4️⃣ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება, მმართველი პარტიისგან სანქცირებული მოსამართლეების მისამართით მხარდაჭერის განცხადებებს ვისმენთ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომიის 12 მოთხოვნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მოთხოვნებში მკაფიოდ წერია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და დაიწყოს მისი განხორციელება, თუმცა როგორც ვხედავთ, ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დუმს და ნელი ნაბიჯებით გვაშორებს კანდიდატის სტატუსს.